ხორგუანი ზოდელავას: როგორც მთავარი პროკურორი “კანონიერ ქურდად” იჯექით და ახლა სამართალზე ლაპარაკობთ!

როგორც მთავარი პროკურორი კანონიერ ქურდად იჯექით და ახლა სამართალზე ლაპარაკობთ! – ასე მიმართა სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა სოფიო ხორგუანმა ყოფილ მთავარ პროკურორს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს მურთაზ ზოდელავას “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” მიმდინარე დისკუსიისას.

“ბატონო მურთაზ, თქვენ იყავით მთავარი პროკურორი, როდესაც მე საჯაროდ მოგმართეთ, რომ საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ ვაღიარებდი ყველაფერს. ვაღიარებდი ნარკოტიკების მოხმარებას “გრუ”-თან თანამშრომლობას. ყველა გაუხსნელ დანაშაულს ვაღიარებდი თუ გამიფორმებდით საპროცესო შეთანხმებას. იცით რატომ გავაკეთე ეს? ჩემს გარშემო ასე პანტა-პუნტით იჭერდით ადამიანებს, რომლებიც მერე აღიარებდნენ არარსებულ დანაშაულებს.

თქვენი წარმომადგენელი შევიდა ლევან ტერაშვილთან და უთხრა, რომ თუ არ აღიარებდა მის მიერ არჩადენილ დანაშაულს, მის ძმას 11 წლით ციხეში გამოკეტავდნენ და იქნებოდა ტანჯვასა და წამებაში. ამიტომ არ მინდა ხელისუფლებაში თქვენი დაბრუნება. ვაღიარებდი და მერე მთელი ჩემი ცხოვრება დამჭირდებოდა ბრძოლა იმისთვის, რომ საკუთარი თავის პატივისცემა დამებრუნებინა. თქვენ აქ გვარებს ახსენებთ და მეც გაგახსენებთ გვარებს – ჟღერია, ფეტელავა, შონია. დაგუგლეთ და ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში. ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც თქვენ გრიგოლეთსა და ანაკლიაში მიწები წაართვით. ირაკლი ნადარეიშვილის დეპრატამნენტი ცდილობს დაუბრუნოს ამ ადამიანებს ის მიწები, მაგრამ მათ უსამართლობის განცდა აქვთ. კანონიერ ქურდად რომ იჯექით იქ, როგორც მთავარი პროკურორი, მათ თქვენ იმ ადამიანებს სამართალზე და კანონის უზენაესობაზე ელაპარაკებით.

მე რა თქმა უნდა არ მაქვს ილუზია, რომ თქვენ იყავით იდეოლოგი, ცხადია თქვენ იყავით შემსრულებელი. ამას არ დაგაბრალებთ, მაგრამ დღეს თქვენ მელაპარაკებით დაუსჯელობის სინდრომზე, კანონის უზენაესობაზე”, – მიმართა ხორგუანმა ზოდელავას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად