ხორგუანი შეწყალებაზე: ეს პრეზიდენტის უფლებაა, რატომ არ შეატყობინა თალაკვაძემ დეპუტატებს, არ ვიცი

შეიძლება ეთანხმებოდე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ პრეზიდენტს სულ რამდენიმე დისკრეცია დარჩა და ერთ-ერთი არის შეწყალება, – ამის შესახებ უფლებადამცველი სოფო ხორგუანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების ფაქტზე “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ხორგუანისთვის უცნობია, რატომ არ ჩააყენა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატები საქმის კურსში.

“მე ასე გავიგე, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო კობახიძისთვის და უმრავლესობის სხვა დეპუტატებისთვის. რატომ არ მიაწოდა თალაკვაძემ დეპუტატებს ინფორმაცია, ეს მე არ ვიცი. გამოდის, რომ არჩილ თალაკვაძე ინფორმირებული იყო. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ თალაკვაძე, გახარია და ივანიშვილი ინფორმირებულები იყვნენო. ანუ, მან კი არ შეუთანხმა, არამედ შეატყობინა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. თქვა ის, რა მოცემულობაც არის. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო. ის, რომ მან შეატყობინა საკუთარი გადაწყვეტილება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამაში სკანდალური არაფერია, რომ არავის არ შეუთანხმა გადაწყვეტილება და მხოლოდ შეატყობინა.

მან გვითხრა ფაქტი, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება და დაასახელა ფაქტი, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მას ვიცნობ და ბევრი ჩემზე კარგადაც იცნობს და მას აქვს თავისი ხისტი ხასიათი და მას შეუძლია საკუთარი პოზიციები გამოხატოს ისე, როგორც ეს მას მიაჩნია მიზანშეწონილად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება. მე ამაზე ვიტყვი, რომ მშვენიერია, როდესაც პრეზიდენტი ახერხებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას. შეიძლება ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად მმართველი გუნდის წევრი, ხარ ოპოზიციის, თუ სადაც არ უნდა იყო, მაგრამ ეს მისი უფლებაა. პრეზიდენტს სულ რამდენიმე დისკრეცია დარჩა და ერთ-ერთი არის შეწყალება”, – გვითხრა სოფო ხორგუანმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად