ხმალაძე: პრეზიდენტი საზოგადოებას გაებუტა? შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება გაუგებარია

„მორატორიუმის გამოცხადება ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. რას გვეუბნება პრეზიდენტი? ამით გაებუტა საზოგადოებას?” – ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას “აიპრესთან”, რომელმაც პატიმრების შეწყალების თაობაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

“შეწყალება ეს ხომ არსად, მათ შორის არც ჩვენთან არ არის ისეთი მოქმედება, რომელზეც არსებობს რაიმე გეგმა, რაიმე ვადები, რომ ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად თუ ყოველწლიურად უნდა შეიწყალოს ამდენი პატიმარი. შეწყალება ეს არის ინდივიდუალური აქტი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური იყენებს ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე ან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული პირის მიმართ კონკრეტული გარემოებების არსებობისას. ოღონდ საფუძველი შეიძლება იყოს ეს ორი რამე.

არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული და იმ შემთხვევაში არა. კონსტიტუცია არ ადგენს ამას არც ჩვენთან და არც სხვა ქვეყნებში. მაგრამ არსებობს შეწყალების გამოყენების დროს არსებობს მორალური შეზღუდვები. პრეზიდენტის შეწყალების აქტი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის. გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის იმაზე, თუ რატომ გამოიყენა პრეზიდენტმა შეწყალება. პრეზიდენტი იწყალებს დამნაშავეს, რომელსაც სასჯელი ჯერ არ მოუხდია, შესაბამისად ამის საფუძველი უნდა იყოს ისეთი, რომელიც თქვენ, მე.

სხვას გვათქმევინებს, რომ ეს მსჯავრდებული დაისაჯა, შესაძლოა სრულად არა, მაგრამ ამა და ამ მიზნით უფრო ჰუმანური იქნება მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. მაგალითად, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ ის სიკვდილის პირასაა, მას ათავისუფლებენ ხოლმე. იმიტომ, რომ ის აღესრულოს ოჯახურ გარემოში, თავისი ახლობლების გარემოცვაში და არა ციხეში. ასეთ პირს 1 კვირით ადრე გაათავისუფლებენ თუ 1 წლით ადრე, მაშინ როდესაც 2-3 კვირის სიცოცხლე დარჩა, ამით საზოგადოებას არანაირი ზიანი არ მიადგება. ამავე დროს იმ ადამიანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, ეს იქნება ჰუმანური დამოკიდებულება.

მეორე საკითხი ეს არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გათავისუფლება. ეს იმას გულისხმობს, რომ შეიძლება იყოს მსჯავრდებული, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვთქვათ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ოღონდ, ამის სანაცვლოდ ის ითხოვს შეწყალებას. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ეს პირი იყოს შეწყალებული და სახელმწიფომ მიიღოს ეს ინფორმაცია, რომელიც მას დაიცავს რაღაც მნიშვნელოვანი საფრთხისაგან.

ამიტომ, მორატორიუმის გამოცხადება საერთოდ არ მესმის რა არის. ხვალ რომ შეიქმნას ვითარება, როდესაც მავანის მიმართ შეწყალება არა თუ შეიძლება, არამედ უნდა იყოს იყოს გამოყენებული. ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაჩნდეს ამის საჭიროება, არ უნდა გაკეთდეს? ვთქვათ მორატორიუმი არ არის გამოცხადებული და თუ ერთი წლის განმავლობაში ასეთი არავინ არ აღმოჩნდა ასეთი, საგანგებოდ უნდა გამოიძებნოს ვინმე რომ შევიწყალოთ? ამიტომ, მორატორიუმის გამოცხადება საერთოდ არ მესმის. როდესაც ეს გავიგე, ჩემი პირველი რეაქცია იყო ეს , რომ რა გვებუტება?!“ – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ცნობისთვის: 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მაშინვე ცნობილი გახდა ის, რომ პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძეც. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთი – მკვლელობისთვის ძებნილი პირიც შეიწყალა.

დღეს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და თქვა: ჩემი სურვილია გამოცხადდეს მორატორიუმი შეწყალებაზე. პრეზიდენტი ამას იმით ხსნის, რომ საზოგადოებაში მის გადაწყვეტილებას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...