ხმალაძე: კანონპროექტს არ ვწერთ ელიავას ბაზრობის გადასატანად, მაგრამ რეგულაციები გამკაცრდება

“დამტვერინების შესახებ” კანონპროექტის ძალაში შესვლით დედაქალაქის მერია გარკვეულ რეგულაციებს აამოქმედებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ რეგულაციებს სავარაუდოდ ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადასატანად გამოიყენებენ.

ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რომ რეგულაციები ელიავას ბაზრობის კონკრეტული ტერიტორიიდან გადასატანად არ შექმნილა.

“ჩვენი ინიციატივა დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსების წესის გამკაცრებას ემსახურება, რათა მოხდენს გარკვეული პრევენცია ჰაერის დაბინძურების შემცირების და უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

მე ასე პირდაპირ ელიავას ბაზრობასთან ამას არ დავაკავშირებდი, მაგრამ დაგიდასტურებთ რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც ასე ვთქვათ, ხდება მოქალაქეების უფლებების შელახვა ჰაერის დაბინძურებით, ეს არის ელიავას ბაზრობა. ასევე არის ისეთი ადგილები, სადაც ხდება საშენი მასალების უსისტემო და რეგულაციების გარეშე განთავსება და მათი გაფრქვევა ჰაერში.

საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ მუნიციპალიტეტმა შემოიღოს გარკვეული რეგულაციები, დაადგინოს ის ადგილები, სადაც აკრძალულია გარკვეული პროდუქციის სახის განთავსება და რეალიზაცია, ასევე დაადგინოს რეგულაცია, სადაც დასაშვებია როგორ უნდა მოხდეს, მაგალითად ჰაერში ამტვერებადი მასალების განთავსება დახურულ სივრცეში – დაიტვირთოს სატრანსპორტო საშუალებაში და მოხდეს მათი დახურული გადაზიდვა. ასევე ითვალისწინებს სამშენებლო მოედნებზე განთავსებას და გადაზიდვის გარკვეული წესები შემოღებას.

რა თქმა უნდა ეს ცვლილებები შეეხება ელიავას ბაზრობას, როგორც სხვა ადგილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ელიავას ბაზრობა უნდა გადავიტანოთ.

ელიავას ბაზრობას გადავიტანთ, თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ კითხვასაც არ ექვემდებარება ის, რომ როგორც დღეს არის ელიავას ბაზრობა, ისე არ უნდა დარჩეს. სწორედ ამ უკანასკნელს ემსახურება რეგულაცია.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი საკანონმდებლო და რეგულირების ინიციატივა შეეხება რა თქმა უნდა დიდ წილად იმ პროდუქციას, რომლის რეალიზაციაც ხდება ელიავას ბაზრობაზე, მაგრამ დიდი ალბათობით დაადგენს ფორმას, როგორ უნდა მოხდეს ამის რეალიზაცია და ნაკლებად შეზღუდოს მისი რეალიზაცია ამ ადგილზე. ანუ, ჩვენი იდეა არ არის სავაჭრო ცენტრი ელიავას ბაზრობა გავიტანოთ ქალაქ გარეთ. ეს კიდევ შეიძლება მსჯელობას დაექვემდებაროს, მაგრამ დღეს როგორიც არის, ის ვერ დაექვემდებარება მსჯელობას.

ქალაქში ჩვენ გვაქვს სავაჭრო ცენტრები, მათ შორის სავაჭრო ცენტრები სადაც საშენი და სარემონტო მასალების იყიდება, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება ელიავას ბაზრობაზე.

დღევანდელი თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი. შესაბამისად უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან ეს თვითნებურად აქამდე არ მოხდა, ამას მერია უზრუნველყოფს და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის”, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

_ “აიპრესის“ კითხვაზე, გქონდათ თუ არა ელიავას მეპატრონეებთან ამ საკითხზე მოლაპარაკება?

_მეპატრონეებთან ამ თემაზე მოლაპარაკებები არ გვქონია. მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, კანონპროექტს არ ვწერთ ელიავას ბაზრობისთვის, კანონპროეტს ვწერთ იმისთვის, რომ ხდება საშენი მასალებით ჰაერის დაბინძურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად