A1 ბანერი

ხმალაძე: დავით სოკოლოვს მონაცვლეობა დასრულებულ კორპუსში შევთავაზეთ და არ მოეწონა

„ბატონ დავით სოკოლოვს ჩვენ მის დაუსრულებელ კორპუსში არსებული ფართის დასრულებულ კორპუსში მონაცვლეობა შევთავაზეთ სწორედ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ფართის შეფასებული ღირებულების გათვალისწინებით,“ – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ მაქსიმუმი გააკეთა დავით სოკოლოვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადასაწყვეტად.

მისივე თქმით, თბილისის მერია და ქონების მართვის სამსახური მზად არიან, გაგრძელონ კომუნიკაცია დავით სოკოლოვთან, თუ მას ამის სურვილი ექნება.

„ბატონ დავით სოკოლოვს ჩვენ შევთავაზეთ მას დაუსრულებელ კორპუსში არსებული მისი კუთვნილი ფართის დასრულებულ კორპუსში მონაცვლეობა, რაც ბატონ დავითს არ მოეწონა. მას არ მოეწონა ექსპერტის მიერ შეფასებული ღირებულება და, რატომღაც, ეს დაცინვად მიიღო.

ეს შეფასება არ გაუკეთებია თბილისის მერიას, გააკეთა ექსპერტიზის ბიურომ, როგორც მისი ფართის, ასევე იმ ფართის, რომელიც ჩვენ მას უნდა გადავცეთ. მუნიციპალიტეტი მონაცვლეობას ახორციელებს ყოველთვის ერთი პრინციპით – ეს არის თანხობრივი ერთმანეთს ერთი ერთში ემთხვევა.

რა ბინაც უნდა მიეღო შესაბამისი ფართით მის დაუსრულებელ მშენებლობაში, რომელიც 15 წლის განმავლობაში გაჩერებულია, იგივე ფართი უნდა გადაგვეცა ჩვენ უკვე დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ ფართში. ბატონ დავითს სხვა მოლოდინები აღმოაჩნდა, რაც ჩემთვისაც გასაკვირი და საწყენია.

თუ მას დიალოგის გაგრძელების სურვილი ექნება, მე ამისთვის მზად ვარ, ისევე როგორც ქონების მართვის სამსახური. ჩვენი ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი გადაგვეწყვიტა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები
იტვირთება...