ხმალაძე: ამ ეტაპზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არაა, ამისთვის საჭიროა დანაშაულის საფუძვლიანი ვარაუდი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ხმალაძემ „აიპრესს“ უთხრა, ამისთვის საჭიროა, რომ დანაშაულის ნიშნები იყოს, ხოლო იმისათვის, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პრეზიდენტის ქმედებაში იყო დანაშაულებრივი, ანუ იყო რომელიმე ნორმის დარღვევა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით

„კონსტიტუციის თანახმად იმპიჩმენტის პროცედურა შეიძლება დაიწყოს, ანუ ბრალი პრეზიდენტს ან ნებისმიერ თანამდებობის პირს, რომელიც ექვემდებარება თანამდებობიდან გადაყენებას ბრალი შეიძლება წარედგინოს მხოლოდ ორი საფუძვლით. ერთი ეს გახლავთ კონსტიტუციის დარღვევა, ხოლო მეორე დანაშაული. ანუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობს.

შეწყალებასთან დაკავშირებით კონსტიტუციის დარღვევაზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან ეს არის პრეზიდენტის უფლება-მოსილება. შეუძლია შეიწყალოს, შეუძლია უარი თქვას შეწყალებაზე. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე, ამისთვის საჭიროა, რომ იყოს დანაშაულის საფუძვლები. ანუ, რა დანაშაულის ნიშნებია. მაგალითად კორუფცია. მაგრამ კორუფცია ვისი მხრიდან? პრეზიდენტმა აიღო ქრთამი? ან პრეზიდენტმა კანონის სხვა ნორმა დაარღვია? თუ ამის ნიშნებია, ამით შეიძლება დაიწყოს იმპიჩმენტი. მაგრამ, თუ ასეთი ნიშნები არ არის, ვერ დაიწყება. ახლა თქვენ, მე ან სხვა ვინმემ რომ თქვას, ვეჭვობ კორუფცია იყო, ეს საკმარისი არ არის. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვახტანგ ხმალაძე ქრთამს იღებდა, როდესაც იყო დეპუტატი ან კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ ამას სჭირდება ფაქტები“, – ამბობს ხმალაძე.

კითხვაზე, როგორ უნდა გამოიკვეთოს, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები თუ არ დაიწყო შესაბამისმა ორგანომ გამოძიება? – ხმალაძე პასუხობს, რომ იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს ამის საფუძველი უნდა იყოს.

„სხვანაირად ეს ვერ იქნება. არის სხვადასხვა სახის დანაშაული, სადაც ცხადად ჩანს, რომ დანაშაულია. მე რომ მოვიდე და სხვების თანდასწრებით თავში ჩაგარტყათ კეტი, აქ უკვე იქნება დანაშაულის ნიშნები. იმის მიუხედავად დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას. იქნებიან მოწმეები, ვინც ეს დაინახა და შესაძლოა პარლამენტში დადგეს საკითხი დავიწყოთ იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ, რომ ამის საფუძველი მაგალითად არის მოწმეთა ჩვენებები.

შეწყალების თემაზე ჯერჯერობით ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ეს ეხება იმას, შეიძლება თუ არა შეწყალების ფაქტი იქცეს იმპიჩმენტის საფუძვლად. გპასუხობთ, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პრეზიდენტის ქმედებაში იყო დანაშაულებრივი, ანუ იყო რომელიმე ნორმის დარღვევა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით“, – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ცნობისთვის: 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მაშინვე ცნობილი გახდა ის, რომ პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძეც. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთი – მკვლელობისთვის ძებნილი პირიც შეიწყალა.

დღეს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და თქვა: ჩემი სურვილია გამოცხადდეს მორატორიუმი შეწყალებაზე. პრეზიდენტი ამას იმით ხსნის, რომ საზოგადოებაში მის გადაწყვეტილებას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად