ხიდაშელი: ზურაბიშვილი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც I პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ

„შეწყალების შესახებ თუ პრეზიდენტის ძველი აქტი გაუქმებული არ არის, გამოდის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრობლემა აქვს კანონთან“, – ასე ეხმაურება „აიპრესთან“ საუბრისას პრეზიდენტის მორიგ ხმაურიან შეწყალებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი ამბობს, რომ იმ აქტში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება არ შეიძლება. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ასე გააგრძელებს შესაძლოა ისტორიაში შევიდეს როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.

„რა თქმა უნდა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის თაობაზე გამართლებულად არ მიმაჩნია. უფრო სწორად პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში არ არის იმდენად პრობლემა, რამდენად სხვა რამეში.

ეს არის პრეზიდენტის აქტით გამოცემული გადაწყვეტილება და შესაბამისად კანონის ფარგლებში უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ გადაწყვეტილებას პრობლემა აქვს კანონთან, ვინაიდან როგორც მე ვიცი არ არის გაუქმებული შეწყალების შესახებ მოქმედი ის აქტი, რომელიც მანამდე მოქმედებდა. ყოველ შემთხვევაში სპეციალურად ვეძებე, რადგან მაინტერესებდა ხომ არ გააუქმა ის ზურაბიშვილმა, მაგრამ მისი გაუქმების აქტი ინტერნეტ-სივრცეში არ იძებნება. თუ ის გაუქმებული არ არის, გამოდის, რომ მას აქვს კანონთან პრობლემა. იმიტომ, რომ იქ ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება არ შეიძლება.

მაგრამ, ეს არ არის ამ გადაწყვეტილების მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ის არის, რაც მუდმივად არის ამ ადამიანთან დაკავშირებით, ეს მდგომარეობს იმაში რომ მინიმალური ან ელემენტარული მოთხოვნილება არ აქვს და ვალდებულების განცდა არ აქვს, რომ უნდა აუხსნას საზოგადოებას გადაწყვეტილებები, რომელსაც ის იღებს. როდესაც ისმება ძალიან ლეგიტიმური კითხვები, ამ კითხვებს სჭირდება პასუხები. ყველაზე დიდი პრობლემა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ამ ერთი წლის განმავლობაში ხასიათდება ამ ზემოდან ყურების დამოკიდებულებით, როდესაც საერთოდ არაფერზე არ გრძნობს განმარტებების გაკეთების საჭიროებას“, – ამბობს ხიდაშელი.

კითხვაზე, მის პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე? – პასუხობს:

„იცით რა არის? თუ ასე გააგრძელებს ზურაბიშვილი… ადრე ვთქვი, რომ მომავალ არჩევნებში დავუჭერ მხარს, რომელიც იტყვის, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებულ საკითხებს აღმოფხვრის, ანუ ვინც ნულიდან დაიწყებს სასამართლო რეფორმას-მეთქი. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც უკვე მიყალიბდება აზრი იმაზე, რომ მისი ამგვარი დამოკიდებულება ამომრჩევლის, კანონით დადგენილი ვალდებულებების, საკუთარი პასუხისმგებლობის და ანაგარიშვალდებულების ელემენტარული ცნების მიმართ თუ გაგრძელდა, ის შეიძლება შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ“, – გვითხრა თინა ხიდაშელმა.

„შეწყალების შესახებ თუ პრეზიდენტის ძველი აქტი გაუქმებული არ არის, გამოდის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრობლემა აქვს კანონთან“, – ასე ეხმაურება „აიპრესთან“ საუბრისას პრეზიდენტის მორიგ ხმაურიან შეწყალებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ცნობისთვის: 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მაშინვე ცნობილი გახდა ის, რომ პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძეც.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად