ხიდაშელი ”რუსთავი 2”-ის საქმეზე: წააგეთ საქმე, გადაშალეთ ახალი ფურცელი!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გარეთ 2019 წელია და ამ გადაწყვეტილებზე ისეთი ამბავია, თითქოს სატრიალო ანტენით, შეზღუდულ სივრცეში, ხელით გადასართავ ტელევიზორებზე ორი არხის მიღების შანსი გვქონდეს.
“რუსთავი 2” ისეთი, როგორიც არის, დიახ, იმ ხალხისაა, ვისაც ეს გულსაბნევები უკეთიათ. მათი გაკეთებულია, მათი შრომის და ნიჭის შედეგია.
ხოდა, ერთი გუნდი თუ არის და თუ სჯერათ იმ საქმის, რომელსაც ემსახურებიან, საერთოდ არაფერი იცვლება მათთვის ამ გადაწყვეტილებით.
– სპონსორებსაც გაიყოლებენ
– ხარისხსაც გაიყოლებენ
– რეკლამასაც
მგონი, ლოგოსაც კი წაიღებენ, ქიბარის დროს ხომ სხვა ლოგო იყო, გააჩნია სამართლებრივად როგორ აქვთ მოგვარებული ახალი ლოგოს, ქონების და სხვა საკითხები. გამოჩნდება, ხალვაშისთვის დაბრუნების მოლოდინში რამდენად გონივრულად იქცეოდნენ.
მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, “რუსთავი 2” ის ხალხია, ვინც იქ მუშაობს და პულტი კი, ყველას აქვს დღეს ქვეყანაში.
ხოდა რა აბჯარი აისხით და ისტერიები, დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია
და მორჩით, “ამ ბიძინამ სტრასბურგი იყიდა” მარაზმს. წააგეთ საქმე, გადაშალეთ ახალი ფურცელი!”,-წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე დე გაეტანოს პოზიციის განმარტება, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს. კერძოდ, დე გაეტანო მიიჩნევს, რომ საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად