ხიბულაში ფონდმა “ქართუმ” ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის და სამონატრო კომპლექსისი მშენებლობა დაასრულა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის დასრულებული სამუშაოები ფონდი “ქართუს” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ დაათვალიერეს.

პროექტების განხორციელება ფონდი “ქართუს” მიერ მოხდა. “ქართუმვე” სოფელში ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი ააშენა. ფონდის მიერვე მოხდა სააღმზრდელო დაწესებულების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა.

მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს, ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა.

„სოფელ ძველ ხიბულას, 2019 წელს სტუმრობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მისი დანაპირების შესაბამისად ფონდმა ,,ქართუმ” უახლოეს ვადებში მოახერხა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, კერძოდ, ჩვენ ავაშენეთ სოფლისთვის ახალი საბავშვო ბაღი, გარდა ამისა, აღდგა ის სახლი, რომელშიც მოხდა პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული გარდაცვალება, ხოლო უკან თქვენ ხედავთ ლაზარეს სახელობის ტაძარს, რომელიც აიგო ზვიად გამსახურდიას სახელზე და უკვე მზად არის, გადაეცა საპატრიარქოს და ძალიან მალე აქ აღევლინება წირვა-ლოცვა“. – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

გარდა “ქართუს” პროექტებისა, ძველ ხიბულაში მთავრობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. სრულად გაზიფიცირდა სოფელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასოფლო ამბულატორიას. მდინარე ჭანისწყალზე აშენდა ახალი ხიბულასა და ძველი ხიბულას დამაკავშირებელი ხიდი. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

სოფელში მიმდინარეობს ხობთან და ზუგდიდთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა, ძველ ხიბულაში ხორციელდება წყალმომარაგების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ხიბულას ცენტრალიზებული წყალი აქამდე არ ქონია. მოსახლეობა ჭის წყალს იყენებდა, რომელიც ზაფხულობით შრებოდა და ადგილობრივებს პრობლემას უქმნიდა.

კომენტარები
იტვირთება...