ხევში გადავარდნილი “კამაზის” ამოსაყვანად, ხვალ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაიკეტება

ამის შესახებ განცხადებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“ხვალ, 2019 წლის 29 ივლისს, დილის 6 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე. გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად. იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად.

მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა, გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შემთხვევის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში, ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან.

ამ დროისთვის, მაშველებმა შეძლეს 6 მოქალაქის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა. დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოები დილის ექვსი საათიდან აქტიურად განახლდება. მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნით დარჩებიან პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო ჯგუფები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”, – ნათქვამი გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად