ხელვაჩაურში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მეორე დღეა სტიქიის შედეგად დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებს

ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად მაშველები მეორე დღეა დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ. სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული. პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები.

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. შექმნილია კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შეისწავლის.

აჭარაში სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შარაბიძეების, ახალშენის, ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები. სტიქიის შედეგად განვითარდა 200- მდე მეწყრული კერა. მეწყრული პროცესებით გამოწვეული საშიშროების გამო საცხოვრებელი სახლები დროებით დატოვა ხუთმა ოჯახმა.

„ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას. უეცრად მოვარდნილმა უხვმა ნალექმა განაპირობა საკმაოდ დიდი მასშტაბის სტიქია და შესაბამისად, დღეს ეს შედეგები გვაქ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, გრძელდება სამძებრო სამუშაოები, ვინაიდან ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა ბიჭს და რა თქმა უნდა, ყველა ჩართულია ძებნის პროცესში, ყველა მეხანძრე-მაშველი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების მიწის მასებისგან გაწმენდის სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია აჭარის არ საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

„აჭარა არის ძალიან რთული რელიეფის, ასეთი რთული რელიეფი საქართველოში იშვიათია და არის ძალიან მჭიდროდ დასახლებული. ბევრ ადგილზეა განვითარებული მეწყრული პროცესები და აქედან გამომდინარე ზოგი ოჯახი ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, ზოგთან ტარდება პრევენციული ღონისძიებები“, – განაცხადა გეოლგმა, ტარიელ ტუსკიამ.

ამ დრომდე ეძებენ სოფელ ჯოჭოში მეწყერის მიერ წაღებულ სახლში მყოფ მოზარდს და მდინარეში ავტომანქანით გადავარდნილ მოქალაქეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად