ხელოვნების სასახლე ისტორიული ქართული ქსოვილის წარმოებას იწყებს

„სულ მალე, საქართველოს ხელოვნების სასახლე იქნება პირველი ქართული მუზეუმი, რომელიც დაიწყებს ისტორიული ქართული ქსოვილის წარმოებას” – ამის შესახებ „აიპრესთან“ ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იყიდოს “თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის ტანსაცმელის მიხედვით აღდგენილი ქსოვილი, რითიც ნებისმიერი რამის შეკერვა იქნება შესაძლებელი“.

გიორგი კალანდიამ „აიპრესს“ ექსკლუზიურად აჩვენა ქსოვილი -“შარფი”, რომელიც პეტრე ოცხელის ნამუშევრებში გამოყენებული ფერების მიხედვით არის შექმნილი.

„ეს ერთ-ერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაკეთდა, მაგრამ ახლა უშუალოდ ჩვენ ვიწყებთ ქსოვილის შექმნას.

ხელოვნების სასახლის პირველ სართულზე გავაკეთეთ საამქრო, სადაც იმავე მეთოდებით, როგორც ამას აკეთებდნენ გვიან შუა საუკუნეებში, ხელით დაიბეჭდება ქსოვილი. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ იქნება ძალიან ძვირფასი საჩუქარი. ასე რომ, თამარ მეფის, დადიანების, გურიელების, ჯაყელების, სურამელების, დადეშქელიანების, ქართლის ერისთავების, სამეგრელოს მთავრების ქსოვილები, რომელიც მათ ტანზე ეცვათ, ქსოვილის სახით გამოვა და ნებისმიერ მსურველს, ტურისტს საშუალება ექნება ნახოს, როგორ იქმნება ეს ქსოვილი. ამის ატრაქციაც იქნება“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

პ.ს. “აიპრესი” გიორგი კალანდიასთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად