ხელოვნება ჩემთვის მარტივი სიხარულია – ვინმე უნდა გავახარო და მორჩა! – ინტერვიუ სიკეთის სახელოსნოში ზურა გომელაურთან (ვიდეო)

არის ზღაპრული ნახატები… არის ზღაპრები ნახატებში… არის სიხარულის მომტანი ნახატები… და არის სიკეთით სავსე ნახატები… ეს ყველაფერი, ძირითადად, არის ასე, გაბნეულად და ცალ-ცალკე…

მაგრამ, არის მხატვარი, რომელმაც ამ ყველაფერს: სიკეთეს, სიხარულს, მარადიულ ბავშვობას და ზღაპრებს ზღაპრულ ნახატებში ერთად მოუყარა თავი….

“ძირითადი ადამიანური საფუძვლები თუ არ იცი, აბდაუბდა გამოგივა ყველაფერი“ – ასე მარტივად და უბრალოდ ახსნა ადამიანთა ყოფის მთელი ფილოსოფია მხატვარმა ზურაბ გომელაურმა, რომელიც დღეს ჩემი რუბრიკის „ამბები ადამიანებზე „ სტუმარია…

ვუყურებ თქვენს ნახატებს და თითქოს ზღაპრებია გადმოტანილი თავისი პერსონაჟებით.  როგორ ფიქრობთ, სჭირდება თანამედროვე ადამიანს ზღაპარი? 

როგორ არ სჭირდება, მგონი ყველაზე დიდი აუცილებლობაა ჩვენთვის, იმიტომ რომ იმდენი აგრესიაა ჩვენს გარშემო და ისეთი რთული  პერიოდია მსოფლიოშიც… ნებისმიერ  ურთიერთობაში, თუნდაც მეგობრობაში ზღაპრული გარემო თუ არ შეიქმნა, მემგონი არ შედგება ის მეგობრობა. ჩემთვის მთავარია, რაღაც დღესასწაული შევქმნა. როდესაც ნახატს მიკვეთავენ და მეუბნებიან ჩქარა მინდაო, ვეუბნები არას… მე თუ არ ვისიამოვნე, ბოლომდე თუ არ დავიხარჯე, გამორიცხულია დავხატო. ნამუშევარზე უნდა იყოს ზღაპარიც, სეირნობაც, ბედნიერების რაღაც ნაპერწკალიც…ხელოვნება არ უნდა გსტრესავდეს, ხელოვნება უნდა გაბედნიერებდეს, ეს არის ჩემი ფილოსოფია.

საკმაოდ  რთულ პერიოდს გავდივართ ადამიანები და  როდესაც ასეთი უძრაობის ხანა გვაქვს, ვფიქრობ ამას განსაკუთრებულად მძაფრად აღიქვამენ და განიცდიან  ხელოვანი ადამიანები, რომლებიც  თითქოს გამომწყვდეულები არიან  გალიაში და გასაქანი არა აქვთ. თქვენ თუ მოახერხეთ ამის გადალახვა? შეეტყო ნახატებს ეს?

საერთოდ , გამიმართლა მეგობრებში. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მეგობრები დავიმსახურე. ძალიან მიყვარს ისინი და როცა გიყვარს, ცუდ ხასიათზე ვერ იქნები.  არ მქონია ჩაკეტილობის მომენტი, ვერც ჩავიკეტები. ეგ თემა ჩემთვის არ არსებობს, რომ დეპრესიაში ჩავვარდე. შეიძლება ვინერვიულო  რაღაცაზე, ვთქვათ სამშობლოში რაღაც ხდება, ან მეგობარი ცუდად არის, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს შენს სურათებზე. ეს უნდა დატოვო გარეთ და თეთრ ტილოსთან სუფთა გულით უნდა მიხვიდე. ვიმხიარულებ ხოლმე თავს, ცოტა ღვინოს დავლევ, დავურეკავ მეგობრებს, კარგ თემებზე ვსაუბრობთ და  ცუდზე ფიქრი არ მინდა.  ნამუშევარზე  სევდა საერთოდ გამორიცხულია.

ინტერვიუს დაწყებამდე. თქვენ თქვით  ძალიან საინტერესო ფრაზა: ვერ ვიქნები ცუდ ხასიათზე, როდესაც ვხატავ, რადგან ვერ გავატან ადამიანს ცუდი ემოციებით დატვირთულ ნახატსო...

დიახ ასეა, იმიტომ რომ დადებით თემებს ვატან. მიყვარს ბავშვები, ბიჭები, გოგოები, ნაძვის ხე… მარტივია ეს ჩემთვის.  ხანდახან ხელოვნებათმცოდნეები და თვითონ მხატვრები სიმბოლიკებზე აკეთებენ აქცენტს, ჩემთვის კი არის მარტივი სიხარული – რომ ვინმე უნდა გავახარო და მორჩა. შეიძლება ძალიან პრიმიტიული აზროვნება მაქვს, მაგრამ ასეთი ვარ.  ჯერ  მე თვითონ უნდა ვისიამოვნო ნამუშევრით. შენ თუ არ ხარ ბედნიერი, სხვა ვერ იქნება. სულ ვამბობ, შენი სურვილებივითაა შენი ნამუშევრები. ვიღაცა შეიძლება ჩაუჯდეს და მისი ცხოვრების ტრაგედია ან მძიმე სიტუაცია  ან ფილოსოფია ჩადოს მის ნამუშევარში.  მე  ბედნიერება მიყვარს და  სულ ქორწილებს ვხატავ.

ამბობენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართო, თქვენი ბავშვობა ისეთივე ფერადი, ლამაზი დღესასწაულებით სავსე იყო, როგორიც თქვენი ნახატებია?

არა, ასე არ არის… შენში უნდა იყოს დღესასწაული. შეიძლება ვიღაც გაიზარდოს ბედნიერ ოჯახში, მაგრამ არ გამოვიდეს ისეთი, როგორიც მშობლები არიან, ან პირიქით.  ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, პიონერთა სასახლეში დავდიოდი და ჩემს სახლში სულ ამხანაგები იყვნენ, 200 ჭიქა ყავა იყო სულ მზად. ასეთი ვარ, მარტო არ შემიძლია, სახლში როც არავინაა, მეგობრებს  ვურეკავ, რომ იქნებ ვინმე მოვიდეს.  პირველ სკოლაში ვსწავლობდი ლევან აბაშიძე იყო ჩემი მეგობარი, მეზობელი და სულ რაღაცეებს ვიგონებდით და კარგად ვერთობოდით.

 ლევან აბაშიძე ახსენეთ და ყოველთვის მგონია, რომ ყველა შემოქმედის ცხოვრებაში არის ისეთი ადამიანი, რომელმაც მასზე გავლენა მოახდინა. იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრ რამეს უმადლით დღეს?

ერთი კარგი თვისება მაქვს,-არ ვარ რაღაცაზე ჩამოკიდებული. დღეს ვინც არიან ჩემი მეგობრები, სულ ვაკვირდები  როგორ იქცევიან, მომწონს მათი ქცევა და მეც ვცდილობ  ასე მოვიქცე. ჩემთვის დიდი ადამიანები არიან ჩემი მეგობრები. ჩვენი ოჯახის მეგობრები იყვნენ რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე… ერთხელ რეზომ მითხრა  დახატეო მედეაო და ვერ გავბედე… ისეთი  ლამაზი იყო, თან პატარა ვიყავი, ამათ რომ ვუყურებდი ბევრ რამეს ვსწავლობდი მათგან, მაგრამ არ გავჩერებულვარ. დღეს ვისთანაც ვმეგობრობ, მათაც ზუსტად ისე ვუყურებ როგორც რეზო თაბუკაშვილს. ჩვენ საერთოდ  გვახასიათებს, არ ვაფასებთ ჩვენს გვერდში მყოფ ადამიანებს, ეს პრობლემა გვაქვს. არ უნდა ჩაიკეტო სადღაც და  უნდა დაინახო აი ეს შენი  მეგობრები როგორი ბრძენები,  როგორი საინტერესოები, როგორი ტკბილები არიან.

სულ არის საუბარი იმაზე, რომ გაუფერულდა და დაიკარგა ფასეულობები და ღირებულებები. თქვენც ასე ფიქრობთ? ადრე უფრო  მეტად შეგვეძლო ეს ყველაფერი?

იცით, სიმართლეა… ამიტომ რეკლამირება უნდა მოხდეს ისეთი ადამიანების, რომლებიც მორალს უფრო პატივს სცემენ. თავისუფლება ის ხომ არა არის, რაც გინდა ის გააკეთო. თავისუფლება ჩემთვის ის არის, რომ თქვენი აზრი გავითვალისწინო, თქვენ მოგისმინოთ და აი ეს ცოტა აირია.

საოცარი, უკეთილშობილესი ადამიანები გვყავს და  ისინი უნდა წამოვწიოთ წინ, რათა ახალგაზრდებმა ნახონ, გაიცნონ ისინი. ისტორია არ უნდა წაშალო. ძირითადი ადამიანური საფუძვლები თუ არ იცი, აბდაუბდა გამოგივა ყველაფერი.

თქვენ რომ გკითხოთ დამწყებმა მხატვარმა, ან უბრალოდ ახალგაზრდამ, რა მაგალითს მოუყვანდით მას  ძირითადი ადამიანური საფუძვლებიდან?

ვეტყოდი, უყვარდეს თავისი საქმე და ადამიანები. მოსმენის, დანახვის კულტურა ჰქონდეს და სხვისი სიკეთე უხაროდეს, არ შეშურდეს.  ადრე ბევრი გამოფენა იყო და მაგარი ნამუშევრების ნახვა ძალიან მიხაროდა. მერე ვურეკავდი ავტორებს და ვუზიარებდი ჩემს ემოციებს. თუ სხვისი წარმატება გაგიხარდება, ესე იგი მაგარი ხარ. ყველაფერი ხომ სიყვარულია მაინც და ეს სიყვარული რომ აღარ არის, ესაა პრობლემა.

სულ მგონია, ხელოვანი ხალხისთვის განსაკუთრებული დატვირთვა  აქვს სიტყვა _ სიყვარულს. თქვენთვის რა არის სიყვარული, რა ემოციები გაქვთ, როდესაც ამ სიტყვას ახსენებთ?

სიხარული არის ჩემთვის სიყვარული. სიხარული საერთოდ უნდა იყოს ბევრი და ადამიანებმა უნდა გაახარონ ერთმანეთი, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. აი როდესაც ვფიქრობ, როგორ გავახარო ჩემი მეგობარი, ამაზე კარგი  საფიქრალი რა უნდა ჰქონდეს ადამიანს? აი, ეს არის სიყვარული. თუ სხვა არ გიყვარს, არც შენი თავი გიყვარს, მერე სულ ცუდ ხასიათზე ხარ, არეული ხარ. სხვისი რომ გიხარია, შენც ბედნიერი ხარ, გახსნილი ხარ.

როდესმე თუ გქონიათ ისეთი პერიოდი, როდესაც საკუთარი თავი ვერ გიპოვიათ, გაჩერებულხართ?
არა, გაჩერებით არასდროს გავჩერებულვარ, მაგრამ სულ ძიებაში ვარ. მეგობრები მეუბნებიან, ბევრი თემა გაქვსო. ახალ გამოსახვით საშუალებებს ვეძებ ხოლმე, ჯერ მე უნდა მომეწონოს. რასაც აკეთებ უნდა გიყვარდეს, ეგოიზმი არ უნდა იყოს, თორემ ეს სიყვარული წავა სხვასთან.

ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაქვთ. გარდა იმისა, რომ ტილოზე, მუყაოზე გადმოსული ზღაპრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ორნამენტებისგან გაქვთ შექმნილი ულამაზესი ტილოები.

ჩვენი ორნამენტიკა დატვირთულია სიმბოლიკებით, მათ ვიღებ და რაღაცნაირად ჩემებურად  გადმომაქვს ტილოზე  ჩემი ინტერპრეტაციით .მიყვარს ეს თემა.

ერთმა ცნობილმა მხატვარმა მითხრა, რომ ზურაბ გომელაურის ერთი ნახატი  აუცილებლად უნდა გეკიდოს სახლში, მას მოაქვს ბევრი სიკეთე ადამიანებისთვისო...

თუ მოდის ვიღაც და ყიდულობს ჩემს ნახატს, მიხარია… მადლობელი ვარ თითოეული გულთბილი სიტყვის…

ეს საოცარი ფერები გონებიდან მოდის თუ გულიდან?

მე მგონი, ორივე ერთად უნდა იყოს, თუმცა  უფრო გულით. საერთოდ, სიკეთეს რომ აკეთებ, გულით უნდა გააკეთო, ან შეიძლება სიკეთე სულ არ გაუკეთო ვიღაცას, მაგრამ გულით თუ  დალოცავ,  ამას აქვს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა.  მხატვრობა მხატვრობისთვის არ არის ჩემთვის, ჩემთვის მხატვრობა არის ადამიანებისთვის. ნახატთან ტყუილი არ შეიძლება. პანდემიის დროს კოცნა რომ არ შეიძლებოდა დავიტანჯე, უნდა შევეხო, ჩავეხუტო. შეიძლება ძალიან მარტივი ადამიანი ვარ.

 ძალიან საინტერესო ტერმინი გამოიყენეთ, “ნახატთან ტყუილი” არ შეიძლებაო და  რას ნიშნავს “ტყუილი ნახატთან”?

აი მაგალითად, მე რომ  ჩემი მეგობარი მოვატყუო ან გავუცინო და მერე რაღაც ცუდი ვთქვა მასზე, ეს ხომ გამორიცხულია! უბრალოდ, ვერ ჩავხედავ თვალებში. ასეა მხატვრობაც ჩემთვის. გულწრფელი უნდა იყო ყველგან. ხშირად უთქვამთ დიპლომატია არ გაქვსო. უბრალოდ არ მიყვარს ტყუილის თქმა, იმიტომ რომ მერე დისკომფორტი მაქვს.

 სხვების არაგულწრფელი ქმედებების გამო ხშირად გტკენიათ გული?

არ ვაქცევ ყურადღებას. ერთმა მკითხა, არ ბრაზდებიო? როგორ არ ვბრაზდები. მაგალითად, მე იმ მაღაზიაში არ შევალ, სადაც ცუდად მომექცევიან, იქ შევალ სადაც კარგად მომექცევიან. უბრალოდ, თუ ვინმემ რამე მაწყენინა, მე რომ გულში ჩავიდო, გავბრაზდე და ამაზე ვიფიქრო, ვერ ვიმუშავებ, გამორიცხულია. ამიტომ ის წყენა 5 წუთში მავიწყდება.

ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ საკუთარი მიკროსამყარო გაქვთ – სიკეთის, სადაც ცხოვრობთ და  გარდა იმისა რომ თქვენ  თვითონ გრძნობთ თავს ბედნიერად, სხვებსაც ანიჭებთ ბედნიერებას. მაგრამ, როდესაც აქედან გადიხართ და რეალობას ეჯახებით, არ ფიქრობთ, რომ ძალიან სასტიკი და რთულია ეს ცხოვრება?

როგორც გითხარით, ყოფილა რომ ცუდად მოგექცევიან, მაგრამ ამაზე უბრალოდ არ ვფიქრობ. მერე შეიძლება  დამიძახოს ახლა უნდა მოგეფეროო, ისევ მივალ და  გადასარევია ასე… არ მაქვს რეაქცია ასეთ რაღაცებზე, არ შემიძლია გავბოროტდე და  ვაკეთო ცუდი. მე რომ ცუდი გავუკეთო ვიღაცას, მერე თვითონაც ცუდად ვიქნები.

ამბობენ რომ მხატვრობა ნიჭია და „ზემოდან“ მოდის… თქვენი ურთიერთობა ღმრთთან როგორია?

ალბათ, ცუდი მორწმუნე ვარ.  არადა, ეს ხომ  უფლის მადლი და წყალობაა, რომ რაღაც შემიძლია. არ ვთვლი, რომ  მიღწეული წარმატება ჩემი დამსახურებაა, ეს ღმერთის წყალობა და ჩემი  მეგობრების  დამსახურებაა. მუზები უნდა გყავდეს  შენს წრეში.  მაგალითად, როდესაც გინდა რომ მეგობარი გყავდეს, ამისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ასევეა  ნახატებიც, უნდა იშრომო შედეგი რომ მიიღო.

ძალიან კარგი ისტორია მოყევით სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ მოყვეთ როგორ შეიძინა ერთმა პატარა გოგონამ თქვენი ნახატი

სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ამბავი. 7-8 წლის გოგონა მოიყვანეს  მშობლებმა, შენი ნახატის ყიდვა უნდაო. მოვიდა ეს ბავშვი, დაათვალიერა ყველა ნამუშევარი,  დაფიქრდა, თუ რომელი მოუხდებოდა მის ოთახს, დიდი ხნის შემდეგ აარჩია, მშობლებმა უყიდეს ეს ნახატი და ბედნიერი წავიდა. იმდენად  საქმიანად აკეთებდა ამ ყველაფერს, გეგონებოდა ზრდასრული  ადამიანი იყო უკვე.

 იმდენი ისაუბრეთ  სიკეთეზე, ხშირად გქონიათ იმისი განცდა, რომ გაკეთებული სიკეთე თქვენი მხრიდან უკან დაგბრუნებიათ სხვადასხვა სახით?

ყველაფერი, რაც გამაჩნია უფლის წყალობაა. ვერასდროს ვიტყვი, რომ რაღაც სიკეთე გავაკეთე. გული უნდა გქონდეს სუფთა. ადამიანს ცუდი არ უნდა უსურვო და ეს არის მთავარი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...