ხელისუფლების წარმომადგენლები ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ბარისახოს, უკანა ფშავისა და მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ. მათ, ადგილობრივებთან ერთად, დღემდე შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს. ასევე, ადგილზე მოინახულეს მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

გარემონტდა სკოლა-პანსიონი ბარისახოში და საჯარო სკოლა მაღაროსკარში. დასრულების ეტაპზეა მაღაროსკარის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია. აშენდა რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ შუაფხოში. უახლოეს პერიოდში საწარმო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და ექსპლუატაციაში შევა. სრულდება შუაფხოს ამბულატორიის მშენებლობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და წყალმომარაგების სისტემას ბარისახოში. გრძელდება ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და როშკა-არხოტის გზების მოწყობა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სათემო ინტერნეტიზაცია. პროექტის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები. მიღებული სიკეთით ჯამში 76 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ ბარისახოს, უკანა ფშავისა და მაღაროსკარის თემში შემავალი ყველა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.

შეხვედრებზე ძირითად საჭიროებებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების გაუმჯობესება და გარე განათებების მონტაჟი დასახელდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.

ღია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასთან აქტიურად გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად