“ხელისუფლების აღვირახსნილობას საზღვარ არ აქვს” – ფოთში აქცია მიმდინარეობს

ფოთში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა გააპროტესტეს.
აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას დააკისრეს.
„ხელისუფლებამ გადაკვეთა აბსოლუტურად ყველა წითელი ხაზი, მის აღვირახსნილობას უკვე საზღვარი არა აქვს, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა. დღეს გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და სპიკერის სკამის დაკავება კაპიტულაციის ტოლფასია, როდესაც ოკუპანტი, შენი დაუძინებელი მტერი, საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე მაღალი ტრიბუნის სავარძელს იკავებს, ეს ნიშნავს კაპიტულაციას, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას, არასდროს შეეგუება ოკუპანტის შემოსვლას საქართველოში, ამიტომ მიუხედავად პოლიტიკური ნიშნისა, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ეს ხელისუფლება უნდა გაუშვათ მოუსავლეთში, ვინაიდან ყოველი დღე ამ ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის, არის ქვეყნის უკუსვლა. ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ და უარი ვუთხრათ წარსულს“_ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დააკავებამ და რუსულ ენაზე ასამბლეის წაყვანამ საზოგადოებისა და საპარლამენტო უმცირესობის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ოპოზიციის მხრიდან სესიის ჩაშლა მოჰყვა.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...