ხაზარაძე: გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და შევქმნათ ანტიკრიზისული, ინტერპარტიული საბჭო

მოძრაობა “ლელო” კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით იდეთ გამოდის, რომ ანტიკრიზისული, ინტერპარტიული საბჭო შეიქმნას.

იდეა “ლელოს” ლიდერმა და თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გააჟღერა, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რათა გვერდზე გადადონ პოლიტიკური განსხვავებები და გაერთიანდნენ.

“მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” აცხადებს, რომ საჭიროა კომპლექსური და სწრაფი ზომების მიღება კრიზისის სამართავად და დასაძლევად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ შეიქმნას ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს არსებული გამოცდილების, ენერგიის, იდეის შეჯერებას და განხორციელებას.

ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად.ინტერპარტიული, ანტიკრიზისული საბჭოს არსებობა ამ მოცემულობაში უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციას და კრიზისის ერთობლივად, დემოკრატიულად და ეფექტიანად გადალახვას. მთავარ ამოცანად მიგვაჩნია სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა – მედიკოსების, პოლიციელების, მესაზღვრეების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგას.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიგვაჩნია ჩვენი ემიგრანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამშობლოში დაბრუნება. ამავე დროს საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები, გადავდგათ ნაბიჯი ერთობისკენ და გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ შექმნილი მდგომარეობიდან”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად