ხატია სიჭინავა: არცერთი მთავრობა ფოთს არ გამოადგა, რას აკეთებენ შესაბამისი სამსახურები?!

ხატია სიჭინავა ზაფხულს შვილებთან ერთად ფოთში ატარებს. ის წარმოშობით ფოთელია და ამბობს, რომ 23 წლის განმავლობაში, მშობლიურ ქალაქში დასარჩენად პირველად ჩამოვიდა. ძალიან გულდაწყვეტით ჰყვება, რომ ის ქალაქი, რომელიც ბავშვობაში დატოვა, მხოლოდ მეხსიერებას შემორჩა და თითქმის გაპარტახებული დახვდა, ადგილი სადაც ერთადერთი გართობა მხოლოდ ზღვაზე სიარული და სეირნობაა.

რატომ გადაწვიტე ფოთში გაგეტარებინა ზაფხული?

ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. აგარაკი გვაქვს კიკეთში და იქ რომ თვენახევარი დავისვენეთ, მერე ზღვაზე უნდა წავსულიყავით. უბრალოდ, ასე დამყავს ხოლმე ბავშვები, ჯერ მთაში მერე ზღვაზე. ძირითადად, ეს წლები ბათუმში დავდიოდით, მაგრამ ეტყობა, უკვე ასაკიც მაქვს და ფესვების ყივილს ვეძახი ამას, რომ გადავწყვიტე მშობლიურ ქალაქში წამოსვლა. იმდენად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება ჩემი ქმრისთვისაც და მეგობრებისთვისაც, რომ ძალიან ბევრჯერ დამისვეს კითხვა-დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად მიდიხარო და მართალი გითხრათ, არც მინანია ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. ყველა ქუჩა და ყველა მოსახვევი ნაცნობია აქ, იმდენად მომენატრა ეტყობა ბავშვობაში დაბრუნება, რომ დროის შეგრძნება დავკარგე. არც ვაპირებ აქედან გავიქცე, როგორც მიწინასწარმეტყველეს.

ბავშვებს მოსწონთ დედულეთი, კარგად ერთობიან?

ისე მოეწონათ აქაურობა, რომ გადაწყვიტეს ყოველ ზაფხულს ჩამოვიდნენ. ჩვენი გართობის ძირითადი განრიგი ასეთია. დილას რომ ვიღვიძებთ, საჭმელებით დატვირთული ზღვაზე მივდივართ, თითქმის მთელი დღე იქ ვართ და ბავშვებს ძალიან კარგი მადა აქვთ. მერე საღამოს ქალაქში გამოვდივართ სასეირნოდ. ძირითადად ბავშვებზე ვარ აწყობილი, გასართობი ცენტრი სამწუხაროდ არ არის, კი არა და არაფერი არ არის ამ ქალაქში, რაც დავტოვე ისიც არ არის და ძირითადი აქცენტი მაინც სეირნობაზეა, იმიტომ რომ სხვა რა უნდა აკეთო.

 

რამდენი წელია ფოთში არ ყოფილხარ და როგორი ქალაქი დაგხვდა?

ვიყავი რამოდენიმეჯერ გავლით, მაგრამ ასე დიდი ხნით 23 წელია არ დავრჩენილვარ. არაფერი არ არის გაკეთებული, პირიქით რაც იყო ისიც დანგრეულია. ჩვენ საერთოდ სხვა თაობა ვართ, ჩვენს დროს არ იყო ინტერნეტი, ძირითადად ერთმანეთთან ურთიერთობით ვერთობოდით. იყო “მორვაგზალი”, კინო, თეატრი, უამრავი გასართობი ადგილი, ახლა არაფერი არ არის.

პორტი გადაკეტილია, “მორვაგზალი” გაუქმებულია. რა დაუტოვეს მომავალ თაობას ვერ ვხვდები. არცერთი მთავრობა ამ ქალაქს არ გამოადგა. ხო შეიძლება ინფრასტრუქტურა ისე მოაწყონ, რომ მარტო ჩვენ კი არა, სხვებსაც მოუნდეთ ჩამოსვლა და დასვენება. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს “სთორებში” რომ ნახულობენ აქ გადაღებულ სურათებს, რა კარგი სანახაობაა, რა კარგი სანაპიროა და რომ ჩამოვიდეთ, როგორი პირობები არისო. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რას აკეთებენ შესაბამისი სამსახურები.

გული დამწყდა ასეთი გაპარტახებული ქალაქი რომ ვნახე. რატომ არ უნდა მოგინდეს საკუთარი ქალაქი იყოს ლამაზი, არ მესმის, და შევეცდები ეს გავარკვიო სადაც საჭიროა, საჭირო ადამიანებს რჩევა ვკითხო, როგორ შეიძლება გამოცოცხლდეს ეს ქალაქი.

ქუჩაში გამვლელები თუ გცნობენ და როგორი რეაქცია აქვთ?

აქ გავიზარდე და როგორ შეიძლება არ მიცნონ. ჯერესერთი ძალიან ბევრი მეგობრები მყავს და უცნობებიც ახლობელივით მაჩერებენ ქუჩაში. რატომღაც ყველა მეუბნება, იქნებ შენ მაინც მიაწვდინო ვინმეს ხმა და იქნებ შენ მაინც უშველო ამ ქალაქსო. ვფიქრობ, იმდენად სასოწარკვეთილია აქაური მოსახლეობა, რომ მიუხედავად იმისა, ეხება თუ არ ეხება, ყველას სთხოვენ დახმარებას. მართლა ძალინ მიყვარს ეს ქალაქი და რითიც შემეძლება ყველანაირად ვეცდები დახმარებას.

მეუღლე არ აპირებს ჩამოსვლას?

მეუღლე ჯერ ვერ ახერხებს ჩამოსვლას, რადგან თავის საქმეებშია ჩაფლული. “სთორებში” რომ ხედავს ბავშვები რა კარგად ერთობიან, თან უყვებიან, თუ როგორ მოსწონთ აქაურობა, გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო ბიზნესითაა დაკავებული გადაწყვიტა, აქ არსებული აუთვისებელი ტერიტორიებით დაინტერესდეს. .

რას გულისხმობ?

ვგულისხმობ იმას რომ ამ ქალაქში გაშენდეს თუნდაც თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები. ინფრასტრუქტურას ეშველოს, ქალაქი დაემსგავსოს ქალაქს და არ გავდევს ნაქალაქარს.

შენზე მოგვიყევი, ძირითადად რითი ხარ დაკავებული, რას საქმიანობ?

ძირითადად დაკავებული ვარ ჩემი შვილებით. მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი. სამომავლოდ ვაპირებ მუშაობა დავიწყო ერთ-ერთ კლინიკაში პიარ-მენეჯერად. როდესაც ბავშვები სკოლაში არიან, შემიძლია ეს დრო გამოვიყენო და კიდევ უფრო განვავითარო ჩემი თავი, ანუ მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ, მინდა რაღაც სიახლე შევმატო ჩემს თავს. მომავალ ზაფხულსაც აუცილებლად ჩამოვალთ ფოთში და მჯერა ბევრად უკეთესი სიტუაცია დაგვხვდება.

 

მასალა მოამზადა ანა ჯახაიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...