ხატია დეკანოიძე: ვოლსკი განასახიერებს ბოლშევიზმს, კომკავშირსა და კომუნიზმს

ვოლსკი განასახიერებს ბოლშევიზმს, კომკავშირსა და კომუნიზმს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ვოლსკი არის ყველაზე უფრო ისეთი განსახიერება ბოლშევიზმის, კომუნიზმის, კომკავშირის და ყველაფერი ძველის და ცუდის, რაც კი ამ აქვეყანაში იყო. განსაკუთრებით შევარდნაძის და კომუნიზმის დროს. აშკარა იყო ის დაპირისპირება და სხვაობა, რომელიც ჩვენ და ვოლსკის შორის არის. სხვა კომენტარი რა უნდა გავაკეთო?! ხელისუფლებას, რომელსაც უმძიმესი მდგომარეობა აქვს და ადამიანები ეღუპება, იცლის, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს. ეს ადამიანი თავს უწოდებს არჩეულს”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის “პალიტრანიუსის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვოლსკი ამბობს:

“ნახეთ, რა კონგლომერატი შეიქმნა და ჰიპოტეტურად წამოიდგინეთ, “ქართული ოცნება“ გვერდზე რომ გაიწიოს, ესენი რას უზამენ ქვეყანას.

ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და პირდაპირ გვეუბნება, ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. აიღეთ შალვა ნათელაშვილი… ასევე, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა “ევროპული საქართველო“ დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ერთი ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღოთ. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ! ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის თემაც… ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის – შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. “ლელომ“ იმდენი მიიღო, რაც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის – იმ ბანკირების, ვისაც ხალხთან აქვთ საქმე. ამბობენ, ბიძინაც ხომ ბანკირია – “ქართუ ბანკი“ იპოთეკურ სესხებს არ გასცემს, მთლიანად დახმარებებსა და უშველებელი პროექტების კეთებაზეა გადასული, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად