ხატია დეკანოიძე: დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა კიდევ იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება საგანგაშოა და მასში იგულისხმება, რომ საქართველოს და ევროკაშირის მომავალი სასწორზეა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ კონგრესში კვლავ ინიცირებულია პაკეტი, რომელიც გულისხმობს, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ სანქცირებას, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც საქართველოს დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას.

ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება ჩემთვის საგანგაშოა. იქ იყო ფრაზა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა. იმისთვის, რომ საქართველოს დეკლარირებული საგარეო კურსი არ გაცდეს და არ შემობრუნდეს ისევ რუსეთის ორბიტაზე, აუცილებელია, შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ვადამდელ არჩევნებზე მივაღწიოთ ჩარჩო შეთანხმებას და ის დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოცემულობით და გზით, რითაც მივდივართ, ევროატლანტიკური სივრცე საქართველოსთვის კიდევ უფრო შევიწროვდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”; “სტრატეგია აღმაშენებელის”, “ლელო საქართველოსთვის”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის”, “ერთიანი საქართველოს” და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.

დღევანდელ შეხვედრაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტს და მოლაპარაკებების შედეგს შეაფასებენ. ამასთან, საუბარი შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და ოპოზიციის სამოქმედო გეგმას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...