ხათუნა სამნიძე: ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, მაგალითად ასეთია ბოკერია (ინტერვიუ)

5 ივლისის მოვლენებზე ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. დარეგისტრირების მერე საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი კომისიის შექმნას არ ეთანხმება.

ვინ არიან ეს დეპუტატები, ვინც კომისიის შექმნას არ ეთანხმება და რა არგუმენტები აქვთ ამის საწინააღმდეგოდ? – აღნიშნულ საკითხებზე “აიპრესთან” ინტერვიუში ფრაქციის “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ისაუბრა:

ხათუნა სამნიძე: ამ ეტაპზე გავაჟღერეთ, რომ დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიას. გვქონდა კონსულტაციები და შეკითხვები ჩვენს კოლეგებთან. ვაპირებთ, რომ უკვე დავარეგისტრიროთ, რისთვისაც საკმარისია ფრაქციის ინიციატივა და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ აინიცირებს მას. ამის შემდეგ ვგეგმავთ, რომ ვიმუშავოთ ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან არგუმენტირებულად. როდესაც განმარტებითი ბარათი იქნება მზად, ისინიც ნახავენ, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი.

ჩვენი მიზანია 5 ივლისამდე და 5 ივლისის მოვლენების შესწავლა, რუსული კლანი და გავლენები ამ პროცესში. რამდენად კარგად არის გამოძიებული ორგანიზებული დანაშაულები. მათ შორის ძალადობის. აქამდე ხელისუფლების მხრიდან არაფერი მსგავსი არ გაჟღერებულა. ამის შემდეგ უფრო მკაფიო გახდება ვინ უჭერს მხარს და ვინ არა. ვმუშაობთ ამ საკითხზე.

არ გქონიათ აქამდე კონსულტაციები და მათი აზრი არ იცით?

მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ საბოლოო პასუხი გვეცოდინება ამ პროცედურების გავლის შემდეგ.

თქვენ აღნიშნეთ გუშინ სოციალურ ქსელში, რომ გარკვეული დეპუტატები ოპოზიციიდან არ ეთანხმებიან ამ ინიციატივას. ვინ არიან ისინი და რა არგუმენტაციით არ ეთანხმებიან?

გაჟღერდა რამდენიმე არგუმენტი. ეს იყო სხვადასხვა პარტიებში და ითქვა, რომ ეს არის გაწელილი პროცესი და ეს ხელს შეუწყობს „ოცნებას“, რომ იმიტაცია შეიქმნას და რომ რაღაცა კეთდება, ან ის, რომ ეს იქნება მორიგი სპექტაკლი. ასეთი არგუმენტები ჩემთვის გაუგებარია.

ვისი არგუმენტებია ეს?

საჯაროდ ითქვა ეს არგუმენტები, შეგიძლიათ ნახოთ და ჰკითხოთ მათ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?

არა, მაგალითად გიგა ბოკერიამ თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის პარლამენტში, მე პირადად მან მითხრა, როდესაც ის იჯდა ეთერში ჩემთან ერთად. პარტიების სახელით პოზიცია ჯერ არ გაჟღერებულა და მე არ შემიძლია გავაჟღერო. მიმდინარეობს კონსულტაციები, რაზეც პარტიები შიგნით მსჯელობენ ამ საკითხზე.

გაგრძელდება კონსულტაციები და გამოჩნდება, ვის რა პოზიცია აქვს. თქვენ შეგიძლიათ პოზიციები ფრაქციებსაც ჰკითხოთ.

P.S. “აიპრესი” დააკვირდება ამ თემას და მომდევნო დღეებში სხვა ფრაქციების პოზიციებსაც შემოგთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...