ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს სხდომაზე: გაძევებული როგორ ვარ, აგერ ვდგავარ… პარლამენტის წევრი ვარ და ხელს ვერ მომკიდებთ

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სხდომაზე სადაც ოპოზიციის საჩივრებს განიხილავენ, “ევროული საქართველოს” წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის გაძევების საკითხი დააყენა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილი შევიდა და თამარ ჟვანიას მათი პარტიის მიერ მომზადებული 30 საჩივრის განხილვა მოსთხოვა, რისთვისაც მათ 20 წუთი გამოეყოთ.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა რის მიხედვით აჯამებდა ცესკო პროპორციული არჩევნების შედეგებს.

“ერთადერთ კითხვას უნდა უპასუხოთ, რის მიხედვით აჯამებთ დღეს პროპოპრციული არჩევნების შედეგებს, საუბნო კომისიების ოქმების მიხედვით თუ საოლქო კომისიების ოქმების მიხედვით”, – მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს.

სიტყვიერი შელაპარაკება დეპუტატსა და თამარ ჟვანიას შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

“გაბრძანდებით გარეთ, თუ არ გაჩუმდებით…სხდომის წამყვანი ხომ არ გგონიათ თავი?!“, – მიმართა თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს.

ამის შემდეგ ჟვანიამ გოგორიშვილის დარბაზიდან გაძევების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. ხმათა უმრავლესობით დეპუტატის გაძევება გადაწყდა, თუმცა დაცვის პოლიციამ გოგორიშვილის გაყვანა სხდომიდან ვერ შეძლო.

“გაძევებული როგორ ვარ, აგერ აქ ვდგავარ. არ დავტოვებ სხდომას. პარლამენტის წევრი ვარ და ხელს ვერ მომკიდებთ”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, სადაც 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აჯამებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად