ხათუნა გოგორიშვილი: სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ლარი თანამდებობის პირების ცოლებზე დაიხარჯა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ლარი იმ ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასზე დაიხარჯა, რომელშიც თანამდებობის პირთა ცოლები არიან დასაქმებულები. 

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხათუნა გოგორიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება – ურთიერთგაგების მემორანდუმი პროგრამაზე, რომლის სახელია “ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი” ჩოხატაურში. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ამ პროგრამისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაირიცხა 96 500 ლარი, საიდანაც 87 500 ლარი მოხმარდა ამ პროგრამაში დასაქმებული 7 თანამშრომლის ხელფასს. მხოლოდ 9 000 მოხმარდა პროგრამას”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, “ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრში” დასაქმებული პირები არიან:

  • თამარ კოროშინაძე – მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსის, ვანო ცინცაძის ცოლი.
  • ირინა მამალაძე – თამაზ ჯინჭარაძის, მერის მოადგილის ცოლი.
  • ირინა ხოტრიშვილი – აკაკი ყაჭეიშვილის, საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ცოლი.
  • ნათია გურგენიძე – ჩოხატაურის ელექტროქსელების ხელმძღვანელის, თემურ ჩხიკვაძის ცოლი.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით,  მის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია აუდიტის დასკვნაშია მოცემული.

“ამ პროგრამას შეგვიძლია დავარქვათ ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში. მინდა, დავპირდე ჩოხატაურელებს, ეს ყველაფერი 31 ოქტომბერს დასრულდება, მაშინ, როცა ივანიშვილი და მისი მთავრობა ხელისუფლებიდან წავა. დასრულდება ნეპოტიზმი და ყველა ადამიანი სამსახურის შოვნას თავისი შესაძლებლობისა და უნარების შესაბამისად შეძლებს”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად