ხაშურში, 18-20 წლის პირებმა „გალფის“ 68 წლის ოპერატორი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.დ. და 2002 წელს დაბადებული ე.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ხაშურში ცხელ კვალზე დააკავეს.

 

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური “გალფის” ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს.

პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად