ხანძრის შედეგად გამოწვეული კვამლის გამო, Australian Open-ის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ (ვიდეო)

ჩოგბურთელებს, რომლებიც მელბურნში, Australian Open გრანდ სლემის ტურნირში მონაწილეობენ, მიმდინარე ხანძრის შედეგად გამოწვეული ძლიერი კვამლის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. კვამლის გამო, მატჩები პერიოდულად წყდება,რადგან მონაწილეები თავს შეუძლოდ გრძნობენ -ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

14 იანვარს, სლოვენიელი დალილა იაკუპოვიჩი შვეიცარიელ შტეფანი ფოგელთან შესარჩევი მატჩის დროს მუხლებზე დაეცა და ხველება დაეწყო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მან თამაში შეწყვიტა.
ასევე, 14 იანვარს მატჩები კვამლის გამო ერთი საათით გადაიდო, მაგრამ საბოლოოდ, ორგანიზატორებმა მაინც მოითხოვეს, რომ სპორტსმენები საჩოგბურთო კორტზე გამოსულიყვნენ. მოგვიანებით, იაკუპოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლამის გონება დაკარგა.

იაკუპოვიჩი ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოა, რომლებიც მისი განმარტებით, სპორტსმენებს თამაშის უფლებას აძლევენ იმ გარემოში, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ჩოგბურთელი მათ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.

როგორც გამოცემა Sydney Morning Herald-ი წერს, დალილა იაკუპოვიჩს ამ დრომდე ასთმა ან სუნთქვასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არასდროს ჰქონია.

ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს საჩოგბურთო კორტებზე ექიმის დახმარება დასჭირდა, ექიმებმა მას დახმარება ინჰალატორის საშუალებით აღმოუჩინეს. თუმცა, საბოლოოდ, მატჩი უკრაინელ დენის კუდლთან სამ სეტში წააგო და ATP-ის რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესების იმედი დაკარგა.

ავსტრალიელმა ეჟენი ბუშარმა  აღიარა, რომ თამაშის დროს გულისრევის შეგრძნება ჰქონდა.

Australian Open-ი 13 იანვარს გაიხსნა. მატჩები არ შეწყვეტილა იმის მიუხედავად, რომ მელბურნის ხელისუფლებამ რეკომენდაცია გასცა, ადამიანები ქუჩებში არ გამოვიდნენ და არც ცხოველები გამოიყვანონ, რადგან ქარის გამო, დაკვამლიანება გაიზარდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში ტყის ხანძარი შემოდგომიდან გრძელდება, ბოლო ხანებში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად ვიქტორიისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატები დაზარალდნენ.  წინასწარი შეფასებით, მთლიანობაში 10 მილიონი ჰექტარი ტყე დაიწვა, დაიღუპა 28 ადამიანი, მათ შორის მოხალისე მეხანძრეები. ასევე, ტყის ხანძრებისგან ნახევარი მილიარდი ცხოველი მოკვდა. სპეციალისტების შეფასებით, ბევრმა მათგანმა შესაძლოა პოპულაცია ვეღარ შეძლოს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად