ხანძრის შედეგად ბათუმში 4 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ბათუმში, გვიან ღამით, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ძლიერი ხანძრის შედეგად 4 ოჯახი, ბინის გარეშე დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია დაახლოებით სამასი კვ.მ. ფართობი. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, ბათუმის მერია დაეხმარება, მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა უკვე მოხდა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ დამწვარი ოთხი ბინიდან ერთში არავინ ცხოვრობდა, ცხრა და ორ წევრიანი ოჯახი უწყებამ დროებით ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაიყვანა, ერთი ოჯახი კი საკუთარი სურვილით ძმის ოჯახს აფარებს თავს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, ტარდება ექსპერტიზა. კომისიას გადაეგზავნება მოკვლეული ინფორმაცია და ისინი ოჯახების დახმარების საკითხს ამის შემდეგ განიხილავენ. კომისია ოჯახების მფლობელობაში არსებული ფართების, მათთვის მიყენებული ზარალის მიხედვით იმსჯელებს. ვიდრე მუნიციპალიტეტი აღნიშნული ოჯახების დახმარების საკითხს არ გადაჭრის, ისინი სასტუმროში დარჩებიან და მათ ხარჯებს ბათუმის მერია დაფარავს”- განაცხადა მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯუმბერ კობალაძემ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტები იკვლევენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად