“ხან დონ კიხოტი ვარ, ხანაც – სანჩო პანსა, ამათ რომ ვხატავ, სიყვარულს ვუხსნი ადამიანებს” – ინტერვიუ გივი კოლელიშვილთან (ვიდეო)

ამ ტილოს შექმნა, რომელსაც ახლა ფოტოზე ხედავთ, ათი წლის წინ დაიწყო და კუთხეში მიაყუდა…მუზები აღარ მოვიდა… მანამ სანამ, ჩვენი ინტერვიუ არ შედგა…

ინტერვიუს დღეს დასრულდა ათწლიანი ფიქრებიც დაგადადებული” საქმეცამ  ფოტოზე იმ საოცარ ფერთა გამას ხედავთ, რომელიც მხოლოდ მხატვარ გივი კოლელიშვილის ხელწერაა

“აიპრესი” კვლვ აგრძელებს რუბრიკას სახელწოდებით “ამბები ადამიანებზე”…

საოცარი სიჭრელე და დახვეწილი სიფერადე, რომელსაც მილიონი ნახატისგან გამოარჩევთ, იმ დროს იქმნება, როდესაც ოსტატი ხან დონ კიხოტია და ხან სანჩო პანსა…

ეს ჩვენი ინტერვიუც ორივე მათგანთან შედგა და ჩვენი დღევანდელი სტუმარი მხატვარი გივი კოლელიშვილია…

თავი I – გივი კოლელიშვილის ბავშვობა სახელად “დონ კიხოტი და სანჩო პანჩო”…

 

 ბატონო გივი, თქვენი ნამუშევრების სერიალიდონ კიხოტი და სანჩო პანსა“   ყველასგან გამორჩეული და მრავალფეროვანია. რაიმე განსაკუთრებული ემოციები გაკავშირებთ ამ ორ პერსონაჟთან?

დინ კიხოტი ბავშვობიდან მიყვარს უზომოდ. პაპაჩემს ჰქონდა დონკიხოტის ძველი გამოცემა, სადაც სანჩო პანსას მაგივრად ეწერა სანჩო პანჩო. ის წიგნი სად დაიკარგა არ ვიცი, ვეღარ მივაგენი ვერსად. ბავშებს გვიკითხავდა მამიდაშვილი სასცილო მონაკვეთებს  და გვაცინებდა მერე გავაკეთე აკადემიაში დიპლომი – დონ კიხოტი

წელიწადში  ერთხელ ან ორჯერ  მაინც ვიწყებ დონ კიხოტის ხატვას. იცი, რა, სიყვარულს ვუხსნი ხალხს, მინდა დონ კიხოტის  ცხოვრებაში შევიდნენ.

თქვენ რომელი უფრო ხართდონ კიხოტი თუ სანჩო პანსა?

მე ორივე ვარ საჩოც და დონ კიხოტიც ჯერ. მომენტებში დამიჭერია თავი, რომ სანჩო ვარ. დონ კიხოტი ხომ იდეალისტია და სანჩო კიდევ მატერიალისტია.

სანჩო რა მომენტში ხართ ხოლმე,  თორემ დონ კიხოტი გასაგებია

დონ კიხოტს ხომ უყვარდა სუფრაზე სიტყვით გამოსვლა, სანჩოს არ უყვარდა ეს ,იმიტომ რომ დიდ ლუკმებს კარგავდა, ვერ ილუკმებოდა კარგად, ცალკე გავიდოდა და გემრიელად მიირთმევდა. ხანდახან ჩემი თავი წარმომიდგენია, რომ სანჩო ვარ. მინდა რომ ჩემთვის დავჯდე და დიდი ლუკმები კარგად მივირთვა. მინდა, რომ მოვწყდე ყველაფერს, ჩემთვის გავიდე და ვჭამო. ჩემთვის გავიდე და ვხატო…

თითქოს, სულ სადღაც დამოგზაურობთ თქვენი ნახატებით საოცრად ფერადი გემებით და  ტროლეიბუსებითთქვენი ფერადი ტროლეიბუსი ყველას უნდა სახლში ჰქონდეს

ნამდვილი გემი რომ დავხატე, არ იყო საინტერესო და მერე თავად გამოვიგონე ისეთი რომელიც ბუნებაში არ არსებობს . ჩემს გემს წინა და უკანა მხარე არა აქვს. ამან უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა. ტროლეიბუსები მეც მიყვარს, ბავშვობას მაგონებს…

როდესმე გიფიქრიათ რომელიმე ცნობილ მხატვარზენეტა ეს მხტვარი ვყოფილიყავიო?

რა საინტერესო შეკითხვაა. მე მგონი, არა . ვგიჟდები მაგათ ნახატებზე, მაგრამ ნეტავ რემბრანტი ვყოფილიყავი, ან ტიციანი-თქო, არ გამიფიქრია არასოდეს. მაგრამ, აწი დავფიქრდები მაგაზე.

ეს საოცარი ფერები, რომელსაც ერთი შეხედვით ეტყობა თქვენი ხელი, საიდან მოდის? ცხოვრებაშიც  სიფერადე გიყვართ?

ეს არის  ენკაუსტიკა ანუ სანთლის ფერები.  სანთლით გაკეთებულია. გამიჩნდა მოთხოვნილება, რომ ამეწია ფერი, მეტი სიხალისე მიმეცა პერსონაჟებისთვის. სიმღერებიც არ მიყვარს ტირილის მსგავსი, მდორე. მიყვარს ჩაკრულო ძალიან .ყველა კარგი სიმღერა მიყვარს, მაგრამ ტირილიანი სიმღერები არა.

მოკლედ, მომინდა ნათელი ფერებით მუშაობა, თავიდან არ გამომდიოდა, ნახატები შეღებილივით იყო, ან ჭყიოდა, ან კიოდა და ჟღერადს ვერ ვაკეთებდი. მაგრამ ნელა-ნელა მუშაობით მივაღწიე შედეგს. მინდა რომ ფერები ჟღერდეს.

თავი II – ბავშვობა, გეოგრაფიის მასწავლებელი ნინა, ლამაზი ქალები და ცხოვრების ადამიანები

ყოფილან თქვენს ცხოვრებაში ადამიანები, რომლებმაც თქვენზე დიდი გავლენა მოახდინეს ან შეგცვალათ პიროვნულად, როგორც ადამიანი?

რევოლუციასავით არ გამივლია ეს პროცესი. ადამიანებს შევხვედრივარ, რომელთაც უმოქმედიათ ჩემზე  ვბაძავდი კიდეც მათ. ბევრთან მიმუშავია, გოგი მესხიშვილთან, კოკა იგნატოვთან. ფრესკებს რომ აკეთებდნენ ვეხმარებოდი . მათ ძალიან ბევრი მომცეს. ერთხელ გოგი მესხიშვილი, მოვიყვანე აქ და არაფერი მითხა ჩემს ნამუშევრებზე, არც შემაქო არც გამკიცხა.  არ ვარგოდა მაშინდელი ჩემი ნახატები.

უცნაურია, მაგრამ ქალებს იშვიათად ხატავთ, არადა მხატვრებს უყვართ ქალების ხატვათქვენ ხომ არ გაგაბრაზათ  ვინმემ?

ქალებიც მიყვარს და ხატვაც მიყვარს მათი, მაგრამ ლამაზ ქალებს ვერ ვხატავდი. ბევრჯერ  გამიკეთებია პორტრეტი და არ გამომდიოდა.

ბავშვობის  ერთ ამბავს მოგიყვებით. დაწყებითებში გერმანულს გვასწავლიდა ვანო, გვარი დამავიწყდა, იყალთოში. ეს იყო ტყვედ ნამყოფი კაცი გერმანიაში. მე კარგად ვსწავლობდი გერმანულს, მაგრამ  ხატვა მიყვარდა და გაკვეთილებზე   წიგნის შიგნითა  ყდებზე ვხატავდი.  ვხატავდი ვანოს, ადვილი დასახატი იყო, კეხი ქონდა წვეტიანი, ცხვირი გრძელი, პროფილში მოვხაზავდი, მერე ბიჭებს ვაჩვენებდი და ვიცინოდით. ერთხელაც ვხატავ, უნდა ვაჩვენო ბიჭებს  ისევ და უკნიდან თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, თურმე მიყურებდა უკნიდან. დავიწყე ტირილი. დედაჩემი იქ მასწავლებლად მუშაობდა და საღამოთი შევჩივლე, რომ ჩამარტყა, მიზეზიც მოვუყევი. მეორე დრეს უკითხავს ვანოსთვის, რატომ ჩაარტყიო ჩემს შვილს ასე ძალიანო? იმიტომ რომ დამახინჯებულად მხატავდაო.

ეს თურმე გაიგო გეოგრაფიის მასწავლებელმა, ულამაზესი ქალი იყო, ნინა და დედაჩემისთვის უთქვამს – მე  დამხატოსო. დედაჩემმა ეს არ მითხა, რატომღაც არ ჩათვალა საჭიროდ.

მეორე დღეს, გაკვეთილზე ვხედავ, რომ რაღაც უცნაურად იქცევა გეოგრაფიის მასწავლებელი. გაუნძრევლად ზის, გაკვეთილს ხსნის, ერთ მხარეს იყურება, თავს არ ამოძრავებს, ხანდახან თვალს გამოაპარებს  ჩემსკენ.  მე კიდევ ვხატავ იხვებს, ბატებს… მერე  მითხრა დედაჩემმა რაშიც იყო საქმე. როგორ დავხატავდი, ულამაზესი ქალი იყო. ახლაც ვერ ვხატავ ლამაზ ქალებს.

ამბობენ, ყველა ჩვენი ბაშვობიდან მოვდივართო. როგორც ჩანს, ბავშვობის ემოციები, ისტორიები, მთელი ცხოვრება ახდენს ჩვენზე გავლენას?

ბავშვობა არ გტოვებს. სულ მახსენდება ის ადგილი, სადაც გავიზარდე. ჩვენს სახლს ქონდა 6 კარი. სულ მახსენდება და მესიმზრება ჩვენი სახლი.

დაგიხატავთ თქვენი სიზმრები იყალთოზე, თქვენს 6 კარიან სახლზე? ნახატებად გადმოგიტანიათ?

ადრე, ბავშვობაში ვხატავდი და მერე მხოლოდ იყალთოელი  მედოლე და მეგარმონე დავხატე… იმდენად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში, რომ არ მინდა მაგის დახატვა.

თავი III – დებატები ღმერთთან …

 

 ბევრი წელი გაატარეთ სხვადასხვა ეკლესიასა და მონასტერში ფრესკების ხატვისას. თქვენი და ღმერთის ურთიერთობა როგორია, საერთოდ რას ფიქრობთ ღმერთზე?

დღეს ჩემთვის ღმერთი ბევრ რამეს ნიშნავს… მაგრამ თავიდან პირჯვარსაც არ ვიწერდი და არც ღმერთი მწამდა. პირველად სახარება რომ წავიკითხე,  ყველა კითხულობდა მაშინ, იმდენად ურწმუნო ვიყავი, ვუსწორებდი ქრისტეს – ეს ასე არ უნდა ოყოს, ეს ასე უნდა იყოსთქო…. შესწორება შემქონდა სახარებაში. ახლა მეცინება ამაზე.

მერე ერთხელ, ესმა ონიანმა, რომელიც ჩვენთან მუშაობდა, ძალიან კარგი პოეტი მხატვარი იყო, მითხრა როცა გაგიჭირდება, შედი ეკლესიაში, სანთელი აანთე და პირჯვარი გადაიწერეო. ერთხელაც ვსეირნობდი, ცუდი ამინდი იყო, შევედი ქაშვეთის ეკლესიაში. ჯერ რომ შევედი გულზე მომეშვა. აი აქედან დაიწყო ყველაფერი, მერე სანთელიც დავანთე, პირჯვარიც გადავიწერე. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ თვითონ მომძებნა ღმერთმა.

მას შემდეგ, რაც ღმერთმა მოგძებნათ, შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

ახლა მეცინება ჩემს უვიცობაზე, ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი. სვეტიცხოველში რომ ვმუშაობდი, მაშინ წინამძღვარი იყო მამა ვიქტორი, ძალიან კარგად ჩაცმული, ახალგაზრდა, ლამაზი კაცი იყო, რუსი ცოლი ჰყავდა. იქვე ცხოვრობდა ეკლესიასთან. მამაც ახალგაზრდა ჰყავდა სოკრატე, იქ ცხოვრობდა ისიც. შემოდიოდნენ ხოლმე რომ ვმუშაობდი და უხაროდათ ფრესკებზე ნელ-ნელა წმინდანების სახეები რომ ჩნდებოდა.  ერთხელაც შემოვიდა ვიღაც, ზურგს უკან მესმის თავისუფლად ლაპარაკობს და არ მესიამოვნა. ასე თავისუფლად რომ ელაპარაკება წინამძღვარს ვიღაც უბრალოდ ჩაცმული, თან უხაროდა ფრესკებზე წმინდანების გამოჩენა. მომხედა და რაღაც შემეკითხა, ყურადღება არ მივაქციე, არ ჩავთვალე ღირსად მეპასუხა. არ შეიმჩნია, მაინც საყვარელი ხმით მელაპარაკებოდა, მაინც ისეთი თვალებით მიყურებდა… მერე ვიკითხე ვინ არის ეს კაცითქო. რაღაც სახელი თქვეს არც მახსოვს, სამთავრობოში არისო ბერად.

30 წლის შემდეგ მამა გაბრიელის ფოტო რომ ვნახე, მივხვდი, რომ ის იყო ნაღდად. დიდი პატივისცემით ექცეოდნენ, ბავშვივით უხაროდა ფრესკების აღდგენის სამუშაოები კარგად რომ მიმდინარეობდა, ლამის დახტოდა სიხარულისგან. მე კიდე ვერ მივაქციე ყურადღება, გავბრაზდი ვითომ, როგორც ქრისტე ღმერთს ვუსწორებდი შეცდომებს, ისე მომივიდა…

თავი IV – სიზმარში ნანახი ნახატები, საბჭოთა კავშირი და 9 აპრილი...

ყოფილა ისე, რომ ფიქრებში დაგიხატავთ და მერე გადმოგიტანიათ ტილოზე?

როგორ არა, სიზმარში  მინახავს რამდენჯერმე ჩემი ნახატი. ღამე სპეციალურად აღარ ვფიქრობ ხოლმე როგორ გავაგრძელო ნახატი, იმიტომ რომ მერე აღარ მეძინება.

სახელოსნოში რომ მოვდივარ, რაც მოდის იმას ვაკეთებ, წინასწარ რომ ფიქრობ რა გააკეთო და მერე რომ ვეღარ აკეთებ, ძალიან მოქმედებს.

 ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის რეჟიმის დროს განსაკუთრებით ცუდად თავს ხელოვანი ადამიანები გრძნობდნენ. თქვენ რაში გრძნობდით ამას, სად გეზღუდებოდათ თავისუფლება?

ბევრი მხატვრისთვის ძალიან სხვანაირი ცხოვრებ იყოა, მაგრამ ბევრი მხატვარი ურიგდებოდა ამას და თავს კარგადაც გრძნობდა. მაგრამ იყვნენ თავისუფალი მხატვრები, რომლებიც  რაც უნდოდათ  იმას ვერ ხატავდნენ. იყო თემატური გამოფენები, მაგალითად სათაურით „ლენინი ბავშვებთან“, ან „კოლმეურნეობის მოსავლის აღება“ და ეს უნდა დაგეხატა.  ტანჯავდნენ თავისუფალ მხატვრებს. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი. აკადემია რომ დავამთავრე.

მერე ვმუშაობდი შემსრულებლად, ვღებავდი დეკორაციებს, რაღაცეებს, იქ ყველას უყვარდა თავისი საქმე და მე არ მიყვარდა ეს შეღებვა. მერე დამდგმელ მხატვრად გადავედი, ესკიზებს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც ვერ ავუღე ალღო.

რა გაკლდათ შინაგანად?

ფერწერა მიყვარდა ძალიან და ეს მაკლდა. თავიდან რომ დავიწყე ფერწერა, არ ვიყავი ჩამოყალიბებული მხატვარი, მერე მოვიდა უამრავი იდეა და მუზები. აკადემია რომ დავამთავრე, არ ვიყავი ძლიერი სტუდენტი. ჩემს თავში კი ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ რომ უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ გარეთ არ გამოდიოდა ეგ.

რატომ ვერ ახერხებდით თავის დამკვიდრებას? მაშინაც გავლენიან ადამიანებთან იყო საჭირო ახლო ურთიერთობები, ვიღაცას რომ შეემჩნიეთ?

ალბათ იყო, მაგრამ გავურბოდი ამას, ძალიან მორიდებული ვიყავი. თან არც მინდოდა, თორემ ისეთ ცნობილ ადამიანებს ვიცნობდი, როგორიცაა კოკა იგნატოვი, მიშა თუმანიშვილი… ვიღას არ ვიცნობდი, მაგრამ არ ვეკარებოდი. კომპლექსი მქონდა, რომ მე არ ვიყავი იმ ადგილზე სადაც უნდა ვყოფილიყავი, იმას არ ვაკეთებდი, რასაც უნდა მეკეთებინა..

ხატვა  დავიწყე უკვე 9 აპრილის შემდეგ. გავანებე  ყველაფერს თავი, ჩავიქნიე ხელი და გავედი სანაპიროზე. სანაპირომ მასწავლა უკვე მხატვრობა, დიდი კონკურენცია იყო, არაფრის ხატვა არ ვიცოდი… ბურთს, ცხენს ვერ ვხატავდი და ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე.

9 აპრილი ახსენეთ, რა გავლენა მოახდინა ამ დღემ ზოგადად საქართველოს ისტორიაზე და თქვენზე?

რაღაცნაირად გავნადგურდი… მივხვდი, რომ მოხდა რაღაც დიდი… დიდი და მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ცხოვრებას შეცვლიდა…

თავი V – ფერწერა, პოეზია და სიყვარული…

თქვენს ფერწერას ვის პოეზიას შეადარებდით?

ჩემს ფერწერას? ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ძალიან მიყვარს ვაჟა და გალაკტიონი. ვაჟა მიყვარს, მისი დაჭრილი არწივი მიყვარს…”ვისი ძუძუ გიწოვია, იისა თუ ვარდისაო”… მეტი რა უნდა გვითხრას ადამიანმა?

უფროსი თაობა ამბობს, რომ ღირებულებები დაიკარგა და გაუფასურდა, აღარ არსებობს ადამიანებს შორის სიყვარულიგრძნობთ თქვენც ამას? თუ ყველა უფროს თაობას ჰგონია, რომ მათ დროს მეტად უყვარდათ და აფასებდნენ ერთმანეთს?

მასეც ვერ ვიტყვით გადაჭრით… სიყვარული ახლაც არის ადამიანებს შორის, რაღაცეები დაიკარგა, ისეთი ცხოვრება აღარ არის, ტექნოლოგიებმა შეცვალა.

თქვენთვის რა არის სიყვარული, რა გახსენდებათ პირველად ამ სიტყვაზე?

არ დავწვრილმანდები და მარტო ქალისადმი სიყვარულს არ გამოვყოფ. სიყვარული ყველაფერია, თუ არ გიყვარს, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ახლა, ამ ინტერვიუს რომ გაძლევთ, ესეც მომწონს, ეს სიტუაციაც მიყვარს…

გინატრიათ როდესმე წარსულის რაღაც პერიოდში დაბრუნება?

კი, როგორ არ მინატრია. ნატვრა ყველას აქვს. მაგრამ მაინც მატერიალისტი ვარ, ისეთ რაღაცას არ ვნატრობ, რაც ძნელი შესასრულებელია. არ ვნატრობ, ნეტა ფრთები მქონდეს და გავფრინდე თქო. მაგრამ წარსულში დაბრუნება მიფიქრია, ბევრ რამეს შევცვლიდი… თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობას… ვერ მივეცი ბევრს ის სითბო და სიყვარული, რასაც იმსახურებდა… ვერ ვუპასუხე იმ გრძნობებზე, რასაც ჩემს მიმართ იჩენდნენ. ზოგიერთი ახლა ცოცხალი აღარ არის და გული მწყდება…

ბოლო დროს, ძალიან გაჭირდა ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, გაუჭირდათ ადამიანებს მატერიალურადაც და ემოციურადაცოდესმე გიფიქრიათ, რომ სადმე სხვაგან იცხოვრებდით?

კი მიფიქრია, მაგრამ მე სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი. ძალიან ვიცი მიჩვევა. მხატვრობაში ძალიან ბევრჯერ შევიცვალე მიმდინარეობა, სტილი, ტექნიკა. პირადში კი ვიტანჯები, ვერ ვეგუები ელემენტარულ ცვლილებებს აი,.მაგალითად ცოლმა მომიტანა ახალი ზედა, ეს საღებავებით გათხუპნული რომ გამომეცვალა, მაგრამ ვერ ველევი ძველს. ამოვიღე ისევ ეს ძველი სანაგვიდან და ინტერვიუზეც ამით მოვედი.

ბავშვობაში ფეხსაცმელი რომ დამეხეოდა, ვდარდობდი, რომ უნდა გადამეგდო და ახალი ჩამეცვა.

გიფიქრიათ, რომ  სხვა ქვეყანაში უფრო დაფასებული იქნებოდით, ან მეტი გასაქანი გექნებოდათ ვიდრე აქ?

რა თქნა უნდა ეგ მიფიქრია ადრე. შემოსავალი უფრო მეტი მექნებოდა მაგრამ, ალბათ მიჩვევაა ყველაფერი. რომ ამბობენ, ქართველი ვერსად ვერ ძლებსო, ტყუილია ეგ, მშვენივრად იყვნენ და არიან ქართველები ყველგან. სადაც გაიჩენ ახლობლებს, სადაც შეიყვარებ ადამიანებს, იქ ყოფნა ძნელი არაა.ხშირად მეგონა, რომ არ მიყვარდა ადამიანები, იმიტომ რომ მიყვარდა მარტოობა, ვერ ვძლებდი დიდ ქეიფებში, ხალხმრავალ ადგილებში, ახლაც გავურბივარ. საშინლად მეზარება გამოფენის გახსნა, იმდენ ხალხს უნდა ჩამოვართვა ხელი, არ მიყვარს, მაგრამ მერე დავრწმუნდი რომ….

რაში დარწმუნდით?

იმაში, რომ ადამიანების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ბევრი ისე მენატრება…

ჩემი აზრით, თქვენ მაინც დონ კიხოტი ხართ, ამიტომ, მთავარი კითხვა ასეთია: ქარის წისქვილებს ებრძვით?

ეჰ, რა გიპასუხოთ აბა… არ ველოდი ამ კითხვას, მაგრამ გიპასუხებთ… მთელი ცხოვრება, ჩემი მთელი ცხოვრება ქარის წისქვილებთან ბრძოლაა…

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...