“ხალხის მანდატი მჭირდება, რათა სასამართლო კლანისგან გავათავისუფლო” – ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მიყვანა და სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებაა. ბესელია იმასაც ამბობს, რომ მისი იდეის მიხედვით რეფორმა იუსტიციის საბჭოშიც უნდა განხორციელდეს, რომლითაც საბჭოს შემადგენლობაც შეიცვლება უფლებამოსილებაც, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ახალი კლანი არ ჩამოყალიბდეს.

პოლიტიკოსი არ საუბრობს იმაზე, ვისთან ერთად წარმოუდგენია თავი კოალიციაში და ამბობს, რომ თავს იმ კოალიციაში ხედავს, რომელსაც მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მიყვანა შეუძლია. აქვე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს და დასახელებული სხვა კანდიდატებიც არ მოსწონს.

რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა, რა განასხვავებს სხვა პარტიებისგან, რისი შეცვლა უნდა საქართველოში და სად წარმოუდგენია თავი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში? – ამ და სხვა საარჩევნო პრიორიტეტების შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში ეკა ბესელია საუბრობს:

_ რა არის თქვენი პრიორიტეტი არჩევნებზე? რას სთავაზობთ ამომრჩეველს სხვა პარტიებისგან განსხვავებულს და რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი?

_ ჩვენს პრიორიტეტებს შორის პირველ ადგილზეა მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მიყვანა. ეს რეფორმა ბოლომდე უნდა მივიყვანო. ამ რეფორმის გეგმა და ხედვა მაქვს და შესაბამისად ბრძოლის უნარიც და პრინციპულობაც. მე მგონი ამაში ბევრი ადამიანი დარწმუნდა, ვინც ამ პროცესს უყურებდა. მთავარი, რისთვისაც არჩევნებში მჭირდება ხალხის მანდატი არის ის, რომ რეფორმაც და სასამართლოს კლანისგან გათავისუფლების პროცესიც მივიყვანოთ ბოლომდე.

_ მართლმსაჯულების რეფორმაზე როდესაც საუბრობთ მხოლოდ სასამართლო გაქვთ მხედველობაში თუ მთლიანად სისტემა იგულისხმება?

_ მთლიანად სისტემა იგულისხმება, მაგრამ პირველი არის სასამართლო. თუ სასამართლო არ ლაგდება, ვერც ძალოვანი უწყებები და ვერც პროკურატურა ვერ გახდება სრულიად დამოუკიდებელი. იმის მიუხედავად, რომ ეს ჩავწერეთ კონსტიტუციაში. სასამართლო როდესაც თავისუფალი და სამართლიანი, ის აიძულებს პროკურატურას და პოლიციას, რომ გამართულად იმუშაოს და კანონში მოაქციოს თავისი მოქმედებები. ამიტომ, იცვლება მართლმსაჯულების სისტემა მაშინ, როგორც კი სასამართლო კლანისგან გათავისუფლდება.

_ გარდა იმისა, რომ კლანისგან უნდა გათავისუფლდეს სასამართლო, რას სთავაზობთ საზოგადოებას იმისათვის, რომ ახალი კლანი არ ჩამოყალიბდეს სასამართლოში?

_ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი რეფორმა, რომელიც ამას აზღვევს. ეს რეფორმა ამბობს, რომ აუცილებელია ახალი მოსამართლეები შემოსვლა. ახალი, თავისუფალი და პროფესიონალებისგან დაკომპლექტება. მათ არ უნდა ჰქონდეთ ასეთი დიდი გავლენა, რაც დღეს აქვს. მოსამართლეებს არ უნდა ჰყავდეს უფროსები. უნდა არსებობდეს იუსტიციის საბჭო, როგორც ორგანო, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციულ საკითხებს წყვეტს. უნდა მოხდეს იმგვარად დაკომპლექტება, რომ მის ნდობაში, კვალიფიკაციასა და პატიოსნებაში ეჭვი არავინ შეიტანოს. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ აუცილებელია იუსტიციის საბჭოს რეფორმა. ეს აზღვევს იმას, რომ ახალი კლანი აღარ წარმოიშვას.

_ უნდა დაიშალოს არსებული საბჭო?

_ საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს და ახალი შემადგენლობით უნდა დაკომპლექტდეს. მას უნდა ჩამოერთვას უფლება, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს და უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ორგანოს ფუნქცია.

_ რაც შეეხება შსს-ს და პროკურატურას? ამ მიმართულებით რა რეფორმების საჭიროებას ხედავთ?

_ როდესაც სასამართლო ხდება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გუნდისგან დისტანცირებული, მოსამართლეები აიძულებენ პროკურორებს და გამომძიებლებს, რომ კანონის სტანდარტით იმუშავონ. როდესაც პროკურორმა იცის, რომ როდესაც ის საქმეს წაიღებს სასამართლოში, მიუხედავად იმისა რა ხარისხისაა ის, ამისთვის მას არავინ აკრიტიკებს და ამისთვის პასუხს არ სთხოვს, რაც სასამართლოს ფუნქციაა. ეს ბუნებრივია მას აძლევს მაქსიმალურ შესაძლებლობას. ამიტომ, პროკურატურას კანონით ისედაც უწერია, რომ ის დამოუკიდებელია. მე ვიყავი ამის ინიციატორი და ჩვენ ის გავხადეთ თავისუფალი, მაგრამ ამის განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური ნება. ამას სჭირდება თავისუფალი სასამართლო, რომელიც სწორედ ამას აიძულებს პროკურატურას, რომ შეკერილი საქმეები კი არ მიიტანოს სასამართლოში, არამედ გამართული და იმ სტანდარტის, რომელსაც მას კონსტიტუცია სთხოვს.

_ მართლმსაჯულების გარდა კიდევ რომელი სფეროებია თქვენი პრიორიტეტები?

_ პრიორიტეტები ასეა განაწილებული: მართლმსაჯულება, განათლება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით კი მათთვის ინოვაციური პროექტების შეთავაზება.

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა უნდა მოხდეს იმ სახის პროექტებით, რომელიც ყველა სოფელში გააჩენს მინიმალურ შესაძლებლობებს, რომელიც ინფრასტრუქტურასაც მოაწესრიგებს. დღეს რასაც ვუყურებ, სოფლების 90%-ს აწუხებს პირველადი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგება. ეს არის წყალი, გზა, გაზი. ასეთი პრობლემებია და სოფელს ფეხზე ვერ დააყენებ თუ წყალი არ ექნება და გზა.

გარემოს სჭირდება განსაკუთრებული დაცვა და წინასწარი შეფასებითი სისტემის ეფექტიანად ამოქმედება.

ჩვენთვის განსაკუთრებული საკითხია განათლება. პირველადი განათლების, სკოლამდელი განათლების რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი, რომლის ავტორიც მე ვიყავი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ.

_ რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს. სად წარმოგიდგენიათ თავი, კოალიციას შექმნით ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თუ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილთან ერთად ისევ გიხილოთ, ამჯერად კოალიციაში?

_ მე ამ საკითხზე ჯერ არ ვსაუბრობ. ჯერ დაველოდოთ, როგორი იქნება არჩევნების შედეგები და როგორ დალაგდება ახალი კონფიგურაცია. მე ჩემ თავს ვხედავ ისეთი ტიპის კოალიციაში, რომელსაც სწორედ ეს პრიორიტეტები აქვს. რომელსაც შეუძლია მართლმსაჯულების რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე. თუ დავიჯერებ, რომ ამისთვის პოლიტიკური პარტიები მზად არიან, მათთან თანამშრომლობა შემიძლია, რაც გულისხმობს თემატურ თანამშრომლობას. ამიტომ, როგორი კოალიცია იქნება, ვის რა მანდატი ექნება ხალხმა გადაწყვიტოს და მერე შეგვეძლება ვილაპარაკოთ ამაზე, რომ ვიქნები კოალიციაში თუ არა.

_ შესაძლოა დამოუკიდებლად იყოთ?

_ ვნახოთ რა მოხდება 31 ოქტომბერს.

_ არც ის გაქვთ გადაწყვეტილი, ვის დაუჭერთ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე?

_ არა.

_ სააკაშვილს თუ დაუჭერდით მხარს?

_ რა თქმა უნდა, არა. არავითარ შემთხვევაში.

_ ვინც არიან დასახელებულები პრემიერობის კანდიდატებად, მათგან არავის არ დაუჭერთ მხარს?

_ არა, არცერთი მომწონს.

_ თანამშრომლობაში მხოლოდ თემატურს განიხილავთ?

_ არა მხოლოდ თემატურს, არამედ პოლიტიკურსაც. დაველოდოთ 31 ოქტომბერს.

_ ანუ ეს მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული რაზე შეთანხმდებით და ვინ გაიზიარებს თქვენ ხედვებს?

_ რა თქმა უნდა. ჩემთვის მთავარია მართლმსაჯულების რეფორმა. დაველოდოთ. 2 კვირაც არ დარჩა არჩევნებამდე. დაველოდოთ რა ტიპის კოალიციას ვიღებთ, ჩვენ რა მანდატი გვექნება, რამდენი ხმა გვექნება და ა. შ.

_ თქვენი თავი უშუალოდ პარლამენტში წარმოგიდგენიათ თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაზეც ფიქრობთ?

_ ჩემი თავი წარმომიდგენია მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მიყვანის მთავარ პროცესში. აქ ვხედავ ჩემს თავს. მე ეს იდეა რაც მაქვს, ბოლომდე უნდა მივიყვანო.

_ ეს არის პარლამენტში.

_ დიახ, ეს არის პარლამენტი, რომელმაც ეს იდეა უნდა განახორციელოს.

_ თუ რამე დაგრჩათ სათქმელი, მიმართეთ მოქალაქეებს.

_ მე მინდა მივმართო ხალხს – შანსი არის, რომ შევცვალოთ ეს ვითარება უკეთესით. ამიტომ ხმა უნდა მივცეთ ახალ პარტიებს. ჩვენ გვინდა ძლიერი მანდატი. იმიტომ, რომ სამართლიანობა გავხადოთ რეალური. ამიტომ მხარი დაუჭირეთ ჩვენ პარტიას, რომ ეს შესაძლებლობა გვქონდეს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად