ხაზარაძე: ჩხარტიშვილი 30 მილიონ დოლარს გვთხოვდა… საკონსტიტუციოდან სარჩელი ივანიშვილის ზარის შემდეგ გამოვიტანეთ

ამის შესახებ პოლიტიკაში ჩართულმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

“მოგიყვებით რა იყო ეს თემა. არსებობს ასეთი პერსონა, მიჭირს მას ბიზნესმენი დავუძახო, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე და დაიწყო სამართლებრივი დავა. ეს იყო ჩხარტიშვილი. ის “ტიბისი ბანკს” სთხოვდა 30 მილიონ დოლარს. ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული თემა. ჩვენ დავიწყეთ თავის დაცვა ლეგალურად, ჩვენი შიდა იურისტები ჩაერთვნენ. აღმოვაჩინეთ, რომ მას ანალოგიური საქმეები აღძრული ჰქონდა სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მიმართ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს. ყველა ეს საქმე ხდებოდა ერთ მოსამართლესთან და ყველა ეს საქმე ცხვებოდა როგორც იმერული ხაჭაპური, მისი მოგებით. მივხვდით რომ ამ რიგში ვიყავით ჩვენც, ამ სიტყვას რუსულად ჰქვია “ნაეზდი”. ეს არის ვითარება, როდესაც პოლიტიკურ-პროკარუტურულ-სასამართლო გაერთიანება ხდება, არის სამიზნე და მიზანია, რომ ფული ამოიღო. ასეთ ამბავში მოვყევი მაშინ, როდესაც უკრაინაში “ბორჯომში” ვსაქმიანობდი, მაშინ გაგვიჩერეს ქარხნები, დაიჭირეს დირექტორები და მაშინ იქ ანალოგიური სქემა იყო.

ჩვენ სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი უფლებების დასაცავად. იმიტომ, რომ სარჩელში მოთხოვნა იყო, რომ პირველივე ინსტანციაში ხდებოდა დაყადაღება და თანხის ამოღება. ანუ ჩვენ არ გვრჩებოდა საშუალება გაგვეგრძელებინა დავა. როდესაც საკონსტიტუციოში შევიტანეთ სარჩელი, მაშინ გერმანიაში ვიყავი და ივანიშვილმა დამირეკა, რომელიც დაახლოებით 1 საათი მელაპარაკა და მარწმუნებდა, რომ ორშაბათს (მაშინ პარასკევი იყო) სასამართლოში არ უნდა მომხდარიყო ამის გარჩევა. მე ვეუბნებოდი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი და ვეუბნებოდი, რომ მე ვარ ბანკის ერთ-ერთი აქციონერი და თავმჯდომარე, მაგრამ 100%-იანი წილის მფლობელი არ ვარ-მეთქი. მარწმუნებდა, რომ სარჩელი გამოიტანეთ, მოილაპარაკეთ და კომპრომისი გამონახეთო. ბიზნესში მოლაპარაკება და კომპრომისის ნახვა ნორმალურია, მაგრამ სიმართლე გითხრათ ეჭვი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რადგან ვიცოდი საპარისპირო მხარის ხასიათი.

მისი მხრიდან დაძალება არ ყოფილა, ძალიან მეგობრული საუბარი იყო. ისიც კი მითხრა, რომ ჩემს შვილებსაც არ დავაძალებ რამესო. ამის შემდეგ დავურეკე ჩემს უცხოელ პარტნიორებს, ძალიან რთული იყო მათთვის ამის თქმა, რომ სამართლებრივი ბერკეტი უნდა გავუშვათ ხელიდან-მეთქი, მაგრამ მე დავარწმუნე ისინი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლებიც ლონდონიდან არიან დანიშნულები.

ამის შემდეგ გამოვიტანეთ სარჩელი და ცოტა შევრცხვით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვინაიდან ისინი ემზადებოდნენ. ამის შემდეგ ხდება შეხვედრა მის სახლში, სოლოლაკში. შეხვედრას ჩვენი მხრიდან მე და ბადრი (ჯაფარიძე) ვესწრებოდით, ასევე ესწრებოდა ვანო ჩხარტიშვილი, ასევე ბიზნესმენი ფიფია და ესეც ვერ გავიგე რატომ ესწრებოდა და ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი. საოცრება იცით რა არის? შეხვედრას ასევე ესწრებოდა მაშინდელი გენერალური პროკურორი შოთაძე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხახარაძე ინტერვიუში იმ შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში მისი და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით შედგა. ბიზნესმენი იმ დეტალებსაც ყვება, როგორ გამოატანინეს მას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად