კელი დეგნანი: ჟურნალისტი არ უნდა იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად

მის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანმა „რადიოთავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა

რადიო თავისუფლება: სამოქალაქო საზოგადოება და მედია თამაშობენ სასიცოცხლო როლს დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობაში, მუდმივად ფხიზლად ყოფნით დემოკრატიის გზაზე გარკვეული უკუსვლების მიმართ. ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მოგმართათ კიდეც, როცა ჩამოხვედით – ეს იყო მისალმება და იმედი, რომ თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოს დემოკრატიის გეზის შენარჩუნებაში.მედიის თავისუფლების საკითხზე მინდა შევჩერდე. ცნობილია, რომ მიმდინარეობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მედიამენეჯერისა და მედიამფლობელის მიმართ. აგრეთვე, მიმდინარეობს ძალიან სახიფათო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მას შემდეგ, რაც ყოფილი დირექტორი გაათავისუფლეს. კომპანიის გუნდი ცდილობს დაიცვას თავი, თავიანთი უფლებები და სარედაქციო დამოუკიდებლობა. რამდენად ახლოდან აკვირდებით ამ პროცესს?

კელი დეგნანი: ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც მქონდა, ეს იყო მრგვალი მაგიდა სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან, რადგან ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ დემოკრატიის სამ საყრდენს: აღმასრულებელ შტოს, კონგრესის – საკანონმდებლო შტოს და სასამართლოს. მაგრამ არის მეოთხე შტო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის მედია. ვინაიდან მე თავად ვიყავი ჟურნალისტი, ვიდრე დიპლომატი გავხდებოდი, ნამდვილად ვაფასებ ამას. ეს არის ამერიკის ფუნდამენტური ფასეულობა – თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას. ვფიქრობ, ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

ამის მეორე მხარე ის არის, რომ მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. ეს შთამაგონეს მე, როცა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სკოლაში ვსწავლობდი და მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი ვიყავი. ვფიქრობ, აშშ-ში უმეტესად ასეა, რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს.
ასე რომ, ნამდვილად ჩართული ვარ ამაში, მსურს მეტად ჩავერთო, რაც დრო გავა და მეტი გავიგო. შემაშფოთებელია, როცა მესმის ზოგიერთ შემთხვევაზე, როცა, როგორც ჩანს, არის გარკვეული ზეწოლა მედიასაშუალებებზე. არ შემიძლია თქმა, რომ დეტალურად ვიცი საკითხი და ძალიან ვერ ჩავუღრმავდები. თუმცა, აშკარაა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთული დღევანდელ მედიაგარემოში, სადაც არიან ბლოგერები, სოციალური მედია, დეზინფორმაცია და სიცრუე, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და რომლის სიმართლისგან გარჩევა ძალიან რთულია. ჩვენ ვებრძვით ამას აშშ-ში და მთელ მსოფლიოში. ვცდილობთ მოვიფიქროთ, როგორ მიიღოს საზოგადოებამ ზუსტი ინფორმაცია.

კომენტარები
იტვირთება...