კელი დეგნანი: საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ 1 წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში

“დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო”.

ამის შესახებ კელი დეგნანმა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში. დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ელჩმა.

​აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“ წაიკითხეს.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...