“კაზინოები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, მაგრამ აკრძალვა მას არალეგალურს გახდის” – ინტერვიუ ლადო პაპავასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ონლაინ კაზინოებთან მიმართებით ახალი რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, რაც პირველ ეტაპზე მისი გადასახადების და ასაკობრივი ცენზის ზრდას გულისხმობს, ასევე უნდა აიკრძალოს რეკლამა. მეორე ეტაპზე კი მისი სრულად აკრძალვა  უნდა მოხდეს.

რამდენად გამართლებულია ეს ინიციატივა, რას გამოიწვევს ეკონომიკაში და რამდენად თანმიმდევრულია მთავრობა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის მიმართულებით? – აღნიშნულ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პროფესორი ლადო პაპავა საუბრობს:

როგორ აფასებთ პრემიერის ინიციატივას ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა და როგორ იმოქმედებს ეს ეკონომიკურ ბაზარზე?

რა თქმა უნდა პრემიერის გადაწყვეტილება შესაბამის ბაზარზე იმოქმედებს, მაგრამ აქ მთავარი ამ ბაზრის პრობლემა არ არის. ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს თემა სოციალური კუთხით. განსაკუთრებით მწვავეა ახალგაზრდების პრობლემა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია ონლაინ თამაშებში, თანაც მათი ინტერესების სფეროც არ არის ადეკვატური იმისა, თუ როგორი იქნება მათი ცხოვრება და რამდენად იქნებიან ისინი  მომავალში წარმატებულები.

აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს სფერო გაკონტროლდეს. მივესალმები გადასახადების ზრდას და ასევე მივესალმები იმას, რომ მისადმი წვდომა ნებადართული იყოს 25 წლის ზემოთ. საბოლოოდ კი მიზანია ამ სფეროს აკრძალვა. თუმცა, აქ ერთი პრობლემაა, თუ როგორ მოხდება ეს ტექნოლოგიურად – ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია.

ტექნოლოგიურად რთულად განსახორციელებელი გგონიათ?

მე არ ვიცი ეს, ამის სპეციალისტი მე არ ვარ. არ ვიცი, თუ როგორ გაკონტროლდება ის ონლაინ კაზინოში მონაწილე არის 25 წელზე მეტის, თუ არა. ასევე, გასარკვევია, თუ როგორ მოხდება მომავალში ონლაინ კაზინოების აკრძალვა, იმიტომ, რომ ონლაინ სივრცე ძალიან სპეციფიურია. როგორც გითხარით, მე არ ვარ ამის სპეციალისტი და ალბათ ეს შესაძლებელია, მაგრამ იდეას მივესალმები.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, როცა მთლიანად უნდა გაუქმდეს ეს რამდენად სწორია და აქვე გკითხავთ, რამდენად თანმიმდევრულია ხელისუფლების პოლიტიკა კაზინოებთან მიმართებით, მაშინ როდესაც რამდენიმე თვის წინ იმავე პრემიერმა ახალი კაზინოების გახსნა დაგვიანონსა გონიოში? მართალია, რომ სხვადასხვაა ონლაინ კაზინო და რეალური, მაგრამ რამდენად ჯდება თანმიმდევრულობაში?

ძალიან კარგად დასვით საკითხი და ნაწილობრივ პასუხიც გაეცით – ერთია ონლაინ, რომელიც ძნელად გაკონტროლებადია და მეორეა რეალურად მოქმედი კაზინოები. იმიტომ, რომ რეალურ კაზინოებში ძალიან ადვილია გაკონტროლება ვინ შევა კაზინოებში და ვინ – არა. ონლაინ სივრცეში ამის კონტროლი ძალიან რთულია.

მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც თვლის, რომ რაც უფრო ნაკლებად იქნება კაზინოები და სხვადასხვა აზარტული გასართობი თამაშები, მით უკეთესია, თუმცა აქ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სრულმა აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს ამ საქმიანობის არალეგალურ სფეროში გადასვლა. ამიტომ, ვფიქრობ ლეგალურად რაღაც ნაწილი უნდა შენარჩუნდეს, ისიც არა სრულიად საქართველოში, არამედ გარკვეულ სპეციფიურ ლოკაციებზე, ისიც კონტროლის ქვეშ, რომ ახალგაზრდები არ მონაწილეობდნენ. ამას კი ნამდვილად მივესალმები.

ამ შემთხვევაში რეალურ კაზინოებზე საუბრობთ და არა ონლაინზე. სწორად გავიგე?

დიახ.

რაც შეეხება ონლაინს, პრემიერის ინიციატივა ჩემთვის სრულიად მისაღებია და მისასალმებელია.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...