კავკასუს ონლაინი: შავი ზღვის კაბელს და მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას არ ვყიდით

"კავკასუს ონლაინი" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია საცალო სეგმენტის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან აწარმოებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კავკასუს ონლაინს აქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის "ვიმპელკომთან" და "მაგთიკომთან" საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე. 

მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება. 

პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას მოითხოვს კომისიის დებულებები: კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომიისიის წინასწარი თანხმობა. კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი," – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომლითაც იღებს საქართველო და მთელი რეგიონი ინტერნეტ მომსახურებას და მიბმულია ევროპასთან, მის გასხვისებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია "ვიმპელკომი" შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად