კაცთა სამყარო – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

სექსისტი ლუკაშენკოს ბატონობა ქალების მხრიდან დასრულდება. ეს ჯერ კიდევ მხოლოდ სურვილია, თუმცა იმედი მაქვს რეალური. ამ სექსისტი და პროვინციელი დესპოტის სანაგვეზე მოსროლა სწორედ ასე, მისთვის თანასწორად მიუღებელი ქალების მხრიდან იქნება ყველაზე კანონმზომიერი და დამსახურებული განაჩენი. ბუნებრივია ქალებში არ ვგულისხმობ პრეზიდენტობის კანდიდატს და მისი შტაბის ხელმძღვანელობას, არამედ ყველა იმ ქალს, რომელთა პრინციპულობამ და შეუპოვარმა ბრძოლამ განსაკუთრებით არჩევნების დასრულების მომდევნო დღეებში პროტესტი მასობრივი და შეუქცევადი გახადა. ლუკაშენკოს მიმართ ზოგიერთი ქართველი სოლიდარულია ორი არგუმენტის გამო – მან არ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მეორე, რომ არსებობს საფრთხე ბელორუსში რუსეთმა მოახდინოს სრული გაბატონება. იმ ფონზე, როდესაც სახეზეა რეალური პროტესტი, ადამიანების თავგანწირვა და მსხვერპლი, ამ კატეგორიებით მსჯელობა, სიმართლე გითხრათ უზნეობად მიმაჩნია. მიუხედავად ამისა მაინც დავძენ, რომ ამ არგუმენტების ფასი კაპიკია. მაგრამ ახლა სრულიად სხვა რამეზე ვსაუბრობ.

30 წამი მარსამდე
30 seconds to Mars

ბევრმა იცით, რომ ეს პოპულარული ამერიკული როკ-ჯგუფის სახელია. ისტორიული თვალსაზრისით კი, მართლაც 30 წამია ის დრო, რა სისწრაფითაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განახორციელეს მარსის მისია. ინიციატივა 2013 წელს გააჟღერეს, რეალური საქმიანობა 2014 წელს დაიწყეს, ხოლო თანამგზავრი მარსზე უკვე 2020 წლის 19 ივლისს გაამგზავრეს (თანამგზავრმა მარსს უნდა მიაღწიოს 2021 წლის თებერვალში, საამიროების შექმნის 50 წლისთავზე). თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მარსზე თანამგზავრი წარმატებით მხოლოდ აშშ-ს, რუსეთს (ადრე სსრკ-ს), ინდოეთს და ევროკავშირს ჰყავს გაგზავნილი, ხოლო იაპონიის და ჩინეთის მისიები ჯერჯერობით წარუმატებელია, საამიროების მიერ მარსზე თანამგზავრის გაგზავნა უკვე უდაოდ დიდი მიღწევაა. მაგრამ გაცილებით საინტერესო ამ მოვლენაში ჩემი აზრით ის გარემოებაა, რომ მისიის სამეცნიერო ხელმძღვანელი, 33 წლის სარა ალ ამირი ქალი გახლავთ. ქვეყანამ, სადაც ქალების ნაწილი ნებაყოფლობით ატარებს ნიქაბს, სადაც აკრძალულია ქალების ქორწინება არამუსულმან მამაკაცზე, სადაც ქალებს ხელმეორედ დაქორწინებისთვის მზრუნველის თანხმობა სჭირდება, ყველაზე თანამედროვე და საპასუხისმგებლო მეცნიერული პროექტის, მარსზე თანამგზავრის გაგზავნის მისიის ხელმძღვანელად ქალი წარადგინა. თუმცა მასკულინურმა მსოფლიო მედიამ ამ გარემოებას სათანადო ყურადღება არ დაუთმო.

ვინ არის სარა ალ ამირი?

არაბთა გაერთიანებული საამიროებში ერთხელ მომიწია ყოფნა და მთავარი შთაბეჭდილება გახლდათ უნივერსიტეტებში სტუდენტ ქალთა მაღალი რაოდენობა. 1971 წელს დაფუძნებულმა სახელმწიფომ დროთა განმავლობაში შექმნა ეფექტური სასწავლო სისტემა გამართული მეთოდოლოგიით და კვალიფიციური უცხოელი პედაგოგებით. სკოლის დასრულების შემდეგ ქალების 95% აგრძელებს სწავლას, ქალ სტუდენტთა ხვედრითი წილი უნივერსიტეტებში კი 70%-ია. წარმოდგინეთ რას ნიშნავს თანამედროვე განათლების მიღება პატრიარქალურ გარემოში მცხოვრები არაბი ქალისთვის. 2006 წელს ქალებმა მოიპოვეს საარჩევნო ხმის უფლება, უკვე 2015 წელს კი საამიროების საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ფედერალური საბჭოს თავმჯდომარედ ქალი, ამალ ალ ქუბაისი აირჩიეს, რომელმაც თანამდებობაზე 4 წელი იმუშავა. ქალები ინიშნებიან ელჩებად და მინისტრებად, ხელმძღვანელობენ მსხვილ კომპანიებს. ზემოთ ნახსენები მარსის მისიის სამეცნიერო ხელმძღვანელი სარა ალ ამირიც, არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამედროვე ტექნოლოგიების სახელმწიფო მინისტრია. საინტერესოა გაგვეგო სად, როგორ, რა გარემოში გაიზარდა ის; რა ინტერესები და გამოწვევები ჰქონდა მას; რა გეგმები და ხედვა გაჩნია დღეისათვის. ეს ამბავი მართლაც გაცილებით საინტერესოდ მესახება, ვიდრე სიუჟეტი ლეო მესის ან ბილ გეიტსის ცხოვრების და წარმატების შესახებ.

ქართული პოლიტიკა – კაცების საქმეა
Politics in Georgia – this is a men’s world

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი ქალი უნდა იყოს. თუმცა რეალურად ჩანს რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის ეს მძიმე და მიუღებელი ტვირთია. თავად განსაჯეთ, მმართველი პოლიტიკური პარტიის 30 ე.წ. მაჟორიტარი კანდიდატიდან მხოლოდ ერთია ქალი (“მაჟორიტარებზე” კანონის ეს მოთხოვნა არ ვრცელდება). ხოლო პარლამენტში სიდიდით მეორე პარტია, “ევროპული საქართველო”, საარჩევნო პლაკატზე პარტიის სახელის და ნომრის გვერდით სამი პოლიტიკური ლიდერის გვარს აწერს: ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია. ანუ, პარტიის პლაკატზე არ აღმოჩნდა ადგილი არცერთი ქალი პოლიტიკოსისთვის, მაგალითად ელენე ხოშტარიასთვის, რომელსაც სავარაუდოდ არანაკლები ხმა და რეპუტაციული იმიჯი მოაქვს პარტიისთვის, ვიდრე ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს.

ბიჭი მაინც სულ სხვაა

როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ხშირად სიამაყით ვსაუბრობ ჩვენი კულტურის ისეთ ძეგლებზე, როგორებიცაა შუშანიკის წამება და ვეფხისტყაოსანი, სადაც საუკუნეების წინ ქალთა და კაცთა თანასწორობაზე წერდნენ. ვუყვები და ვუზიარებ უცხოელებს იმას, რაც ჩვენ თავად არ გვაქვს გაზიარებული. ქალის მიმართ პატივისცემა ჩვენთან, ხშირად მხოლოდ მამაკაცების პოზად შემოიფარგლება. ლამაზ, მიმზიდველ, თითქმის აუცილებელ, ტრადიციულ, გამორჩეულ, მაგრამ მაინც მხოლოდ პოზად და არა ცხოვრების არსად. ქალების მიმართ დისკრიმინაცია განსაკუთრებული სიცხადით დავინახე, როდესაც ჩემს ორსულ ცოლთან ერთად საქართველოს ერთერთ სამშობიაროში შვილის სქესის დადგენა გადავწყიტეთ და გავარკვიე, რომ თურმე რეკომენდებულია მშობლებისთვის ბავშვის სქესის დამალვა, რათა ხელი არ შეეწყოს სელექციური აბორტის რაოდენობის გაზრდას. სელექციური აბორტი კი საკმაოდ გავრცელებული მოვლენა ყოფილა საქართველოში. ბიჭის ყოლა ურჩევნია გოგოს ყოლას თერთმეჯერ მეტ მამაკაცს და სამჯერ მეტ ქალს, ხოლო მეტნაკლებად სულერთია მხოლოდ კაცების 38%-ისთვის და ქალების 52%-ისთვის.

რეზიუმე

მე მხარს ვუჭერ მეტ ქალს ქართულ პოლიტიკაში და არა იმიტომ, რომ მორიგი სადღეგრძელო დაილიოს ქალთა პატივისცემაზე, არამედ აბსოლუტურად პრაგმატული გათვლებიდან გამომდინარე. მიმაჩნია რომ “ვაჟკაცი”, მაჩოს ქცევების მქონე პოლიტიკოსი კაცების მიერ წარმოებული მდარე პოლიტიკური ნარატივი, რეალურად მხოლოდ მათივე ფრიგიდული და სწორხაზოვანი ქმედებების შენიღბვის უსუსური მცდელობაა. ეს ნარატივი ხელს უწყობს მხოლოდ საზოგადოების დეესკალაციას, მათი გზავნილების არეალი უკიდურესად შეზღუდულია და განკუთვნილია უმეტესწილად მხოლოდ ე.წ. ქორი (ქორებს, აქტიურ და ხშირად აგრესიულ მხარდამჭერებს დიდად არ ვერჩი, მაგრამ მათ გარდა სხვებიც არიან მოქალაქეები) მხარდამჭერების მიმართ. ეს პოლიტიკოსები “პრობლემას” ხედევენ არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტში, არამედ ოპონენტის მხარდამჭერშიც და უფრო მეტიც, საკუთარ მხარდამჭერშიც კი, თუ ის ზუსტად მისსავე ტონალობაზე არ საუბრობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი პარტია, გამარჯვების შემდეგ, მხოლოდ მხარდამჭერებისთვის იმუშავებს, რადგან განსხვავებულად მოაზროვნეებს საზოგადოების არასრულფასოვან წევრებად მიიჩნევს. შედეგად, სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყულია საზოგადოების დიდი ნაწილი, ხოლო ასეთ რთულ დროს, ამის ფუფუნება უბრალოდ არ გაგვაჩნია.

ვგონებ, რომ არ ვცდები – პოლიტიკაში ქალთა გარკვეულმა კრიტიკულმა რაოდენობამ შესაძლოა ეს დისკურსი სრულიად შეცვალოს. ქალ პოლიტიკოსს ჩვენთან უფრო შეეძლება ერთდროულად იყოს პრინციპულიც და გონიერიც და მაგალითად საკუთარ შეცდომაზე თუ ოპონენტის წარმატებაზე უფრო მისაღებად და გასაგებად ილაპარაკოს და რაც მთავარია შექმნას სოლიდარობის და განვითარების საფუძვლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად