კაცნაკლულმა “დილამ” თბილისში არც “საბურთალოსთან” დათმო

გუშინ, 2 აგვისტოს დასრულებულმა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის მე-8 ტურმა სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ტურით გორის „დილამ“, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე სპეციალისტები საპრიზო სამეულის კანდიდატადაც კი არ განიხილავდნენ, ლიდრობა შეინარჩუნა და ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ ჩემპიონატის პირველი წრის არაოფიციალური ჩემპიონიც გახდეს.

თანაც შიდა ქართლის რეგიონის გუნდმა ისე განვლო ჩემპიონატის თითქმის ნახევარი, რომ ერთი თამაშიც არ წაუგია. მართალია, კოვიდ 19 -ის პანდემიის გამო ტურნირი განახევრებული ფორმატით მიმდინარეობს და ნაცვლად სრულფასოვანი 36 ტურისა, გუნდები სულ 18 ტურში გაითამაშებენ საპრიზო ადგილებს, მაგრამ თუნდაც ასეთ ბლიცში რეგიონალური გუნდისთვის 8 ტურის განმავლობაში დაუმარცხებლად ასპარეზობა ძალზე დასაფასებელი და საპატიო შედეგია.
მით უმეტეს, რომ გუშინდელ შეხვედრაში გიორგი ნემსაძის მიერ გაწვრთნილ „დილას“ კიდევ ერთხელ მოუწია ხასიათის გამოვლენა და პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობიდან თავის დაღწევა.

საქართველოს თასის მოქმედ მფლობელ „საბურთალოსთან“ გასვლით შეხვედრაში „დილა“ პირველივე ტაიმში ჩამორჩა. ალთუნაშვილის ზუსტი პასით ელვინ ტერა გორელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და გოლის გატანა არ გასჭირვებია. სტუმართა მდგომარეობა გაცილებით დამძიმდა 45-ე წუთზე, როცა აშკარა უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა „დილას“ უკრაინელი ლეგიონერი და ბომბარდირი კოფტალიუკი. სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ წარუმატებლობებმა მათ მხოლოდ მოტივაცია გაუძლიერა და შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა სპანდერაშვილმა ქულის მხსნელი გოლი გაიტანა. სწორედ ამ ქულის წყალობით „დილამ“ 16 ქულას მოუყარა თავი და უახლოეს მდევარს, თბილისის „დინამოს“ 1 ქულით გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ მე-6 ტურში სწორედ „დინამოსთან“ მატჩში „დილა“ ასევე კაცნაკლული დარჩა და ამის მიუხედავად, იმავე სპანდერაშვილის გოლით სამი ქულა აართვა მოქმედ ჩემპიონს.

გუშინვე ბათუმის „დინამომ“ გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით უმასპინძლა ლიგის დებიუტანტ „სამტრედიას“ და დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა, რამაც გია გეგუჩაძის გუნდს ცხრილის ზედა სამეულში შესვლის შესაძლებლობა მისცა.
მე-9 ტური
თელავი – მერანი 0:0
დინამო (თბ) – ჩიხურა 1:0
ლოკომოტივი – ტორპედო 1:2
საბურთალო – დილა 1:1
დინამო (ბთ) – სამტრედია 2:0

1. დილა – 16 ქულა, 2. დინამო (თბ) –15, 3. დინამო (ბთ)- 14, 4. საბურთალო – 13, 5.თელავი – 11, 6. ლოკომოტივი – 9, 7. სამტრედია – 8, 8. ტორპედო – 9, 9. ჩიხურა – 5, 10. მერანი – 4.

სტატიის ავტორი მიხეილ აბაიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად