კაშიაზე განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე ფალავანდიშვილი და “მარშის” 3 წევრი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

გურამ ფალავანდიშვილი, კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე დღეს “საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის გურამ კაშიას წინააღმდეგ საპროტესტი აქციის გამართვას აპირებდნენ იმის გამო, რომ მან სოლიდარობა ლგბტ თემს გამოუცხადა და ჰოლანდიის ერედივიზიონის ერთ-ერთ ტურში სამკლაური გაიკეთა. 

როგორც"აიპრესს" შსს-ში გაუცხადეს, "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 29 აგვისტოს, გურამ კაშიას მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით, მოწმის სტატუსით იკითხებიან "ქართული მარშის” წევრები: კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე, "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადების" ხელძღვანელი – გურამ ფალავანდიშვილი". 

შეგახსენებთ, ამ წუთებში უეფას ახალი ტურნირის „ერთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიას უპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყო.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს მონაკოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, გურამ კაშია სპეციალური პრიზით – EqualGame Award-ის პრიზით დააჯილდოვა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა.
უეფამ, თანასწორობის ჯილდოს ჯერ-ჯერობით პირველ და ერთადერთ გამარჯვებულად გურამ კაშია 22 აგვისტოს დაასახელა. ვინაიდან, ფეხბურთელმა ამერიკიდან მონაკოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მისთვის განკუთვნილი ჯილდო, ლევან კობიაშვილს გადასცეს.

გალაცერემონიალზე, დამსწრე საზოგადოებას გურამ კაშიას ვიდეომიმართვაც აჩვენეს, რომელმაც მადლობა გადაუხადა უეფას პრეზიდენტს, ალექსანდრ ჩეფერინს და განაცხადა, რომ ფეხბურთი მისთვის ყველაფერია, ეს ჯილდო კი მისთვის, მისი ოჯახისა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად