კარლოს გონმა, პენსიაზე იძულებით გასვლის გამო Renault-ს უჩივლა და კომპენსაცია მოითხოვა

Renault-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც იაპონიიდან მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ლიბანში გაექცა, საფრანგეთის სასამართლოში, Renault-ს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომლის ფარგლებშიც იგი კომპანიისგან, პენსიაზე იძულებით გასვლის გამო, კომპენსაციის სახით 250 000 ევროს ითხოვს.

გონის განცხადების მიხედვით, აღნიშნულ დავა იმან გამოიწვია, რომ სასამართლოს გარეშე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ყველაფერი მინდა მივიღო, რაც მეკუთვნის“, – აცხადებს კარლოს გონი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია Renault-ს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კორპორაციამ 2019 წლის დეკემბერში მართლაც მიიღო ინფორმაცია მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა თებერვლის მიწურულს არის ჩანიშნული.

სარჩელში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უკანონოდ უთხრა კარლოს გონს უარი თანხის ანაზღაურებაში, რაც მაშინ იმით ახსნა, რომ თანამდებობიდან გადადგომის მომენტში, კარლოს გონი იაპონიის ციხეში იმყოფებოდა. გონის ადვოკატი აცხადებს, რომ მას კომპანია თავისი ნებით არ დაუტოვებია, არამედ იძულებულ გახდა, რადგან დააკავეს და პატიმრობაში იმყოფებოდა ფიზიკურად.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარლოს გონი სასამართლოში მეორე სარჩელის შეტანასაც აპირებს, რომლის მეშვეობითაც, ყოველწლიური კორპორატიული პენსიის სახით 774 000 ევროს მოთხოვნას აპირებს.

კარლოს გონი იაპონიაში 2018 წელს, 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შემოსავლების დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მას აგრეთვე ბრალად ედება 16 მილიონი აშშ დოლარის პირადი ხარჯების კომპანია Nissan-ის ხარჯებზე გადაწერა. კარლოს გონი არაერთხელ გაათავისუფლეს გირაოთი. დეკემბრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა დაარღვია გირაოთი გათავისუფლების პირობები, დატოვა იაპონია და ლიბანში ჩავიდა, რომლის მოქალაქეობასაც ფლობს.

თავად ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, აცხადებს, რომ იაპონიაში იგი სამართალს კი არა, უსამართლობას გაექცა.

Bloomberg-ის შეფასებით, კარლოს გონის ქონება, იაპონიაში დაკავების მომენტიდან მოყოლებული, 40%-ით შემცირდა, 120 მილიონი აშშ დოლარიდან 70 მილიონ აშშ დოლარამდე. იაპონიიდან ლიბანში გაქცევის ოპერაციაზე კი დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად