კარლოს გონმა აღიარა, რომ იაპონიიდან მისი გაქცევა კანონდარღვევაა

Renault-Nissan-Mitsubishi-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლოს გონმა აღიარა, რომ იგი იაპონიიდან, სადაც დაკავებული იყო, უკანონოდ გაიქცა. ამის შესახებ მან გაზეთ Asahi Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.

65 წლის გონის თქმით, იგი პატიმრობაში 10 წელიწადს ვერ გაუძლებდა.

„სასამართლო პროცესის დასრულებას ვერ დაველოდებოდი. მე სწრაფი სასამართლო პროცესი მინდოდა, მაგრამ არავინ მისმენდა“, – აცხადებს კარლოს გონი.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა მის გაქცევაზე იაპონიის პროკურატურას ეკისრება. გონის თქმით, 14 თვის განმავლობაში, სიტყვა მხოლოდ ბრალმდებელ მხარეს ეკუთვნოდა, ხოლო კარლოს გონს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება არ ეძლეოდა. კარლოს გონმა გააკრიტიკა ქვეყნის სასამართლო სისტემა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ უდანაშაულოა.

როგორც გონი აცხადებს, მისი გაქცევის შესახებ არც ლიბანში იცოდნენ, არც მისმა ადვოკატებმა და არც ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ

„როდესაც რაიმე მსგავსს აპირებ, თავად უნდა გააკეთო ყველაფერი“. – აცხადებს კარლოს გონი.

მისი თქმით, მან თანხმობა განაცხადა დაკითხვაზე ლიბანის პროკურატურაში მისვლაზე.

„ლიბანის სასამართლო სისტემას ვენდობი და ვთანამშრომლობ ლიბანის ხელისუფლებასთან“, – ამბობს კარლოს გონი.

კარლოს გონი იაპონიაში 2018 წელს, 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შემოსავლების დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მას აგრეთვე ბრალად ედება 16 მილიონი აშშ დოლარის პირადი ხარჯების კომპანია Nissan-ის ხარჯებზე გადაწერა. კარლოს გონი არაერთხელ გაათავისუფლეს გირაოთი. დეკემბრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა დაარღვია გირაოთი გათავისუფლების პირობები, დატოვა იაპონია და ლიბანში ჩავიდა, რომლის მოქალაქეობასაც ფლობს.

თავად ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, აცხადებს, რომ იაპონიაში იგი სამართალს კი არა, უსამართლობას გაექცა.

Bloomberg-ის შეფასებით, კარლოს გონის ქონება, იაპონიაში დაკავების მომენტიდან მოყოლებული, 40%-ით შემცირდა, 120 მილიონი აშშ დოლარიდან 70 მილიონ აშშ დოლარამდე. იაპონიიდან ლიბანში გაქცევის ოპერაციაზე კი დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად