კარასინი: NATO-ში საქართველოს შესაძლო დაჩქარებული მიღება, რუსეთისთვის საგანგაშოა

ამის შესახებრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასანიმა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა

“აიპრესი” გთავაზობთ რადიო თავისუფლების ინტერვიუს.

გრიგორი კარასინი: ჩვენ, არსებითად, ერთობლივად შევაჯამებთ წლის პირველი ნახევრის შედეგებს. რაღაცის გაკეთება შევძელით. ვითარდება ვაჭრობა, რუსეთის ფედერაციიდან ბევრი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. იმ ტემპით, რომელიც გვაქვს, წელს მათი რაოდენობა 1,5 მილიონზე მეტიც კი იქნება. განვიხილავთ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს. ვფიქრობ, ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ განვითარდეს ჰუმანიტარული და კულტურული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ გვაქვს ასევე ერთი, ერთობლივი, 2011 წლის შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის თაობაზე.

კობა ლიკლიკაძე: რომელიც ჯერჯერობით წინ ვერ მიიწევს.

გრიგორი კარასინი: რატომ, მიიწევს. თქვენ ბუნებით რევოლუციონერი ჩანხართ. ერთბაშად ამის მიღწევა ძნელია. ჩვენ შექმნილი გვაქვს სპეციალური ერთობლივი ჯგუფი. მისი წევრები ბერნში შეიკრიბნენ მაისის ბოლოს და მოილაპარაკეს მორიგი შეხვედრის გამართვაზე სექტემბერში. მოკლედ, ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამასაც შევეხებით, მაგრამ დეტალებზე სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ.

რაც შეეხება ორმხრივი ურთიერთობის ატმოსფეროს, ის არ არის მარტივი, რადგან რაც უფრო ვშორდებით სააკაშვილის პერიოდის მტრობისა და კონფრონტაციულობის ჩიხს, თავს ვაღწევთ ყველა სიძნელეს და ვამყარებთ ნორმალურ ურთიერთობას ადამიანებსა და ხალხებს შორის, მით უფრო მეტად იგრძნობა ნერვიულობა ვაშინგტონსა და ბრიუსელში, მხედველობაში მაქვს – ნატოში. და ასეთი წინააღმდეგობრიობა რაღაცნაირად უნდა გადაიჭრას.

კობა ლიკლიკაძე: და რითია გამოწვეული, ბატონო კარასინ, მათი ასეთი ნერვიულობა?

გრიგორი კარასინი: დასავლეთში ნერვიულობა, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ ნორმალური ურთიერთობები მყარდება საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო უკვე არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც შესაძლებელია დაყრდნობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული არამეგობრული მოქმედების შემთხვევაში, მით უფრო, რომ სამხრეთ კავკასია უშუალოდ მდებარეობს ჩვენი საზღვრების მახლობლად. და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (მაიკ) პომპეო ღია განცხადებას აკეთებს, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება.

კობა ლიკლიკაძე: და ეს საგანგაშოა რუსეთის ფედერაციისათვის?

გრიგორი კარასინი: საგანგაშო – ეს ძალიან რბილი ნათქვამია, ძალიან რბილი. სინამდვილეში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე.

კობა ლიკლიკაძე: ჩეხეთიც არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაგრამ რუსეთს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

გრიგორი კარასინი: ეს ცოტა არასწორია. ჩვენ, რაც არ უნდა იყოს, თქვენთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ჩეხეთთან.

კობა ლიკლიკაძე: ვაშინგტონში ორი დღის წინ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა, რომელზეც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაიკ პომპეომ ასეთი რამ თქვა: ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.

გრიგორი კარასინი: ეს ციტატა ზუსტად იმის ილუსტრაციაა, რაც მე ცოტა ხნის წინ ვთქვი.

კობა ლიკლიკაძე: რუსეთი არის დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს?

გრიგორი კარასინი: ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რომელიც ჩვენ ხელს გვაძლევს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...