კაპანაძე: NDI-ს კვლევებით, თვითკმაყოფილების განცდა არ გვაქვს, მაგრამ “ოცნების” დამარცხების საფუძველს გვაძლევს

NDI-ს კვლევებით, თვითკმაყოფილების განცდა არ გვაქვს, მაგრამ “ოცნების” დამარცხების საფუძველს გვაძლევს, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელთან სრულ ინტერვიუსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს.

_ NDI-ს კვლევებზე როგორია თქვენი შეფასება? გასაგებია, რომ ხელისუფლება დაღმავალ მდგომარეობაშია, მაგრამ ოპოზიციას რამდენად თვითკმაყოფილების განცდა გაქვთ, მაშინ როცა პირველ ადგილზე მყოფ ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 13% აქვს.

_ რა თქმა უნდა თვითკმაყოფილების განცდა არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს. ეს კვლევები ასე არ უნდა იყოს განხილული, რომ კმაყოფილების მომგვრელია თუ არა. მგონია, რომ კვლევების პლუსი არის ხოლმე მათი დინამიკაში განხილვის შესაძლებლობა. წინა კვლევებთან შედარება და აქედან გამომდინარე დასკვნების გამოტანა. ამ კონტექსტში უფრო ვაანალიზებ ხოლმე მე პირადად, ვიდრე ერთი კონკრეტული რიცხვისა და მონაცემის განხილვის კონტექსტში.

ამ მხრივ ჩანს რამდენიმე ტენდენცია. პირველი ჩანს ის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენა ამბობს, რომ არასწორად მიდის საქმეები, ხელისუფლების რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული და ოპოზიცია ჯამურად ასწრებს ხელისუფლებას. ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩანს. ეს გვაძლევს კარგ საფუძველს, რომ წელს გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ ხელისუფლებას და დავამარცხოთ.

_ თუმცა 40% არის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, ან არცერთ პარტიას მისცემს ხმას, ან საერთოდ არ წავა არჩევნებზე.

_ ვისაც არ აქვს გადაწყვეტილი კვლევების შედეგად, ვიცით ხოლმე როგორც ნაწილდება ხოლმე. უფრო ოპოზიციის მხარეს ნაწილდება ხოლმე. ეს იძლევა საფუძველს, რომ ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში.

_თუ ოპოზიციის მხარეს ნაწილდება, რატომ არ ამბობენ ამას?

_ დიდი ნაწილი არ ამბობს, იმიტომ რომ ეშინიათ. განსაკუთრებით, რეგიონებში.

_ მათ შორის კვლევების დროსაც ეშინიათ?

_ განსაკუთრებით კვლევების დროს ეშინიათ. იმიტომ, რომ მათ არ იციან, ვინ არის ის, ვინც ამ კვლევებს ატარებენ და ერიდებიან ხოლმე პასუხის დაფიქსირებას. მათ შორის დიდი ნაწილი არის ხოლმე საჯარო მოხელეები, რომლებიც ერიდებიან პოზიციას. იმიტომ, რომ თუ ოპოზიციურად არის განწყობილი, არ უნდა, რომ დაკარგოს სამსახური.

_ კვლევის დროს ეშინიათ და საარჩევნო ყუთებთან მისულებს აღარ ეშინიათ?

_ უდავოდ. საარჩევნო ყუთი მაინც არის გარკვეული ანონიმურობის განცდის დამტოვებელი. იქ, როდესაც შედიხარ და ხაზავ არავინ არ გიყურებს. თუმცა, ვიცით, რომ ხელისუფლება კამპანიის დროს ამაზე აკეთებს ხოლმე აქცენტს, რომ ადამიანებს ეუბნებიან, ჩვენ ვიცით ვისაც ხაზავთო. ამის შედეგია ხოლმე ის, როდესაც იქ ვნახულობთ ოთხკუთხედად და სამკუთხედად შემოხაზულ ბიულეტენებს. ამით ცდილობენ ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას, რომ აი ჩვენ მაინც გავიგებთ, შემოხაზეთ თუ არაო.

ჩამოყალიბდა ასე, რომ კვლევების დროს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არ ამბობენ, ვის უჭერენ მხარს. ნებისმიერ შემთხვევაში თანაბარიც რომ იყოს, რაც ლოგიკური შეიძლება იყოს უარეს შემთხვევაში ოპოზიციისთვის, მაგ შემთხვევაშიც აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლების რეიტინგი იმაზე დაბალია, რაც ოპოზიციური პარტიების ერთობლიობაში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად