კაპანაძე: ხელისუფლება და ივანიშვილი მზად არიან, მეტ იზოლაციაში აღმოჩნდნენ და ქვეყანაც იზოლაციაში მოაქციონ

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, სამარცხვინოა ხელისუფლების პოზიცია ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობენ, რომ ამერიკელი კონგრესმენები არასწორ ინფორმაციას ფლობენ.

როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ გახარიასთვის კონგრესმენების მიერ გაგზავნილი წერილი იყო გაგრძელება იმ წერილების სერიისა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში ვნახეთ.

“ჩვენს პარტნიორებში ძალიან მაღალია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ამის მორიგი დადასტურებაა ეს წერილი. ხელისუფლების პოზიცია, რომ ეს წერილი მხოლოდ ოთხი კონგრესმენის არისო და რომ ისინი არასწორ ინფორმაციას ფლობენო – სამარცხვინოა. არ დაგვავიწყდეს, ვინ არიან ეს კონგრესმენები.

ეს ადამიანები არიან ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები, როგორც რესპუბლიკელებიდან, ისე დემოკრატებიდან და ასევე, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი.

ანუ, პრაქტიკულად, მთელი კომიტეტის სახელით გვწერენ ამ შეშფოთებას და ამაზე ასეთი სამარცხვინო რეაქცია მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ეს ხელისუფლება და ივანიშვილი მზად არიან, კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდნენ თვითონაც და ქვეყანაც იზოლაციაში მოაქციონ. ამიტომ ჩვენი ამოცანა მათი სასწრაფოდ მოშორება უნდა იყოს, რათა ამ პროცესებმა შეუქცევადი ზიანი არ მიაყენოს საქართველოს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ: 22 იანვარს, პრემიერ – მინისტრის ადმინისტრაციამ ამერიკელი კონგრესმენების წერილის ტექსტი გამოაქვეყნა.
წერილში, რომელიც ჯერი კონოლიმ, ადამ კინზინგერმა, მაიკლ მაკკაულმა და ელიოტ ენჯელიმ გიორგი გახარიას მისწერეს, კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ.

კერძოდ, გზავნილში ყურადღებაა გამახვილებული „ქართული ოცნების“ მხრიდან დაფინანსებული Facebook-გვერდების ფართო ქსელზე, რომელიც ანტიდასავლურ პოლიტიკას ახორციელებს, რაც დასავლელი პარტნიორებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

კონგრესმენებს ის ფაქტიც აწუხებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორები ოპონენტების მიმართ ახალი საქმეების წარმოებას იწყებენ. წერილში საუბარია საქართველოში უცხოური ინვესტიციების კლებაზე, უცხოური კომპანიების დაშინებაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად