კაპანაძე: გახარიამ მოგვატყუა, როდესაც თქვა, რომ არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გავრილოვის არშემოშვების

20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, შს მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე, რომელსაც ტყუილის ერთ-ერთ დადასტურებად დარბევის დაწყებამდე მოსახლეობის გაუფრთხილებლობა მოჰყავს.

როგორც სერგი კაპანაძემ “რუსთავი2” -ს განუცხადა, შს მინისტრი გუშინ ამტკიცებდა, რომ მომიტინგეები გააფრთხილეს, თანაც რამდენჯერმე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, სერგი კაპანაძის თქმით, მინისტრმა მოიტყუა მაშინაც, როდესაც თქვა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არ იყო და ამ დროს კვლავ მიმდინარეობდა ძალადობა. სპეცდანიშნულების დანაყოფებმა მომიტინგეების დარბევა, სწორედ მოლაპარაკებებზე დათანხმების შემდეგ დაიწყეს.

„მოიტყუა, რომ თითქოს ოპოზიციამ იცოდა და ხმას არ იღებდა გავრილოვის ვიზიტის შესახებ – ორჯერ ბრიფინგით და ერთხელ აქციით გავაფრთხილეთ გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მან მოგვატყუა როდესაც თქვა, რომ არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გავრილოვის არშემოშვების. ეს არის სრული აბსურდი, მას ნებისმიერი ადამიანის არშემოშვება შეუძლია, თუ ქვეყანა ამას გადაწყვეტს.

“მესამე, რაც მთავარია, მან მოიტყუა, რომ ხმოვანი გაფრთხილება იყო გაკეთებული, სანამ გამოყენებული იქნებოდა სპეცსაშუალებები. არათუ ხმოვანი გაფრთხილება არ იყო გაკეთებული, პირიქით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ აპირებდნენ სპეცსაშუალებების გამოყენებას და მათი სტილი არ იყო, ანუ ეს იყო პირდაპირ ტყუილი.

“მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად მიდიოდა იქ რაღაც ძალადობა და არ იყვნენ მზად მოლაპარაკებებისთვის. პირიქით, ყველამ ვნახეთ, რომ მოლაპარაკებების მზადყოფნის დროს დაიწყეს ტყვიების გამოყენება.

“მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. აუცილებელი მოგერიების ფარგლები შეიძლება რაღაც ეტაპზე არსებობდა, მაგრამ გასცდა, როგორც კი პარლამენტის კიბეებზე ჩამოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, მერე გადავიდა რუსთაველზე და მერე ვერაზე მით უმეტეს.

“მან მოიტყუა, რაც მთავარია, როდესაც თქვა, რომ მისთვის თანამდებობაზე დარჩენა არის პასუხისმგებლობის აღება. პირიქით არის ეს, თანამდებობაზე დარჩენა არის პასუხისმგებლობის არ აღება, პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს წასვლას თანამდებობიდან, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიძლება დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, იმდენად იკვეთება, რომ ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, როგორც ბრძანების გაცემით, ისე კონკრეტული ქმედებების კუთხით,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...