კანდელაკი: საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ ჩვენი საკითხები რუსეთის სანქციებში შევიდეს

საპარლამენტო ფრაქციამ “ევროპული საქართველო” ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის წინაშე დააყენა ევროკავშირში რუსეთზე დაკისრებულ სანქციებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ტატუნაშვილი-ოთხოზრიას სიის შეტანის საკითხი.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა თბილისში მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც საპარლამენტო დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.

“სამწუხაროდ, ეს არ არის საქართვლოს მთავრობის პრიორიტეტი. საქართველოს მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი საკითხები შევიდეს სანქციებში. ისევე, როგორც 2008 წელს, სარკოზიმ რომ მოაწერა ხელი ევროკავშირის სახელით, მაგალითად, შეუძლებელი სრულიადაც არ იქნებოდა, რომ ორი კვირის წინ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, რამე გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს იქ დაეყენებინა მისი წინამორბედის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულების საკითხი, რომლითაც რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები ომამდელ პოზიციებზე და ევროპის სადამკვირვებლო მისია შევიდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამასთან, გიორგი კანდელაკმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების შეკითხვა, რა პოზიცია გამოხატა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ევროპული საქართველოს” მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...