კანადაში საჯარო მოხელეების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

კანადაში ფედერალური ხელისუფლების მოხელეებისთვის, ასევე პირებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კანადის ხელისუფლების განცხადებით, ეს რეგულაციები დაიცავს კანადელებს, ხელს შეუშლის ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას, დააბრუნებს ბავშვებს სკოლაში და დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ გამოჯანმრთელებას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კანადაში საჯარო სექტორი დაახლოებით 300 ათას თანამშრომელს ითვლის. ვაქცინაცია მათ ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაიარონ, თუმცა რიგი სამედიცინო გამონაკლისები დაშვებულია. ყველა სხვა თანამშრომელი, რომელიც ვაქცინაციის კურსს ოქტომბრის ბოლომდე არ გაივლის, გადავა შვებულებაში ანაზღაურების გარეშე.

12 წელს გადაცილებული პირები, რომლებიც კანადაში რკინიგზით ან საჰაერო გზით მოგზაურობენ, ნოემბრის ბოლოსთვის უნდა იყვნენ აცრილი.

პანდემიის დაწყებიდან კანადაში კორონავირუსის 1,64 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 28 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები
იტვირთება...