კამერონ ნორი ნიკოლოზ ბასილაშვილზე „ის წარმოუდგენლად მაგარი მოთამაშეა, ის სუპერ საშიშია” (ვიდეო)

კალიფორნიაში, „დიდი სლემის” ოთხი ტურნირის შემდეგ რანგით პირველად მიჩნეულ „ინდიან-უელსის მასტერსზე” ფინალისტები გამოვლინდნენ

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართველი ჩოგბურთელი მასტერსის 1000-იანი ცხრა ტურნირიდან ყველაზე პრესტიჟულად მიჩნეული ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში ითამაშებს.

შედარებით სუსტ, ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსთან (N194) 6:4, 6:3 გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (N48) 4:6, 7:6(7:2), 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს (N29) შეხვდა.

ფავორიტად მიჩნეულ რუსს ჩოგბურთელთან 6:4, 7:6(8:6) მოგების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას მსოფლიო N3 ჩოგანთან, ბერძენ სტეფანოს ციციპასთან გამარჯვებას მხოლოდ მისი თავგადაკლული გულშემატკივარი უწინასწარმეტყველებდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა მეტოქე და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას მეტოქედ ამერიკელი ტეილორ ფრიცი (N39) ჰყავდა.

ტეილორ ფრიცს ნახევარფინალამდე გზიდან ჩამოშორებული ჰყავდა ამერიკელი ბრანდონ ნაკაშიმა (N83), იტალიელი მატეო ბერეტინი (N7), ამერიკელი იანიკ სინერი (N14) და ბერძენ სტეფანოს ციციპასთან, მსოფლიოს N2 ჩოგან რუს დანილ მედვედევთან (მეოთხედფინალში დამარცხდა ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან) ერთად მასტერსის მოგების ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად მიჩნეული გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (N4) და მასთან შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილს იოლი ბრძოლა არ ელოდა.

ამერიკელი მართლაც შეუპოვრად იბრძოდა, მაგრამ უაღრესად თავდაჯერებულად და უმაღლეს დონეზე მოთამაშე ნიკოლოზ ბასილაშვილთან ვერაფერი გააწყო და დამარცხდა – 6:7(5:7), 3:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში დიდ ბრრიტანელი კამერონ ნორი (N26) იქნება. ფინალამდე კამერონ ნორის მეტოქეები იყვნენ ამერიკელი ტენის სანდგრენი (N102), ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (N9), მსოფლიო მე-5 ჩოგან, რუს ანდრეი რუბლიოვის დამმარცხებელი ამერიკელი ტომი პოლი (N60), არგენტინელი დიეგო შვარცმანი (N15) და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი (N28).

მამით შოტლანდიელი და დედით უელსელი 26 წლის კამერონ ნორი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია დაბადებული. 1998 წლიდან 2011 წლამდე ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა, 2011 წლიდან კი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ცხოვრობს. რეიტინგში ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილზე წინ ყოფნის მიუხედავად მისი საჩოგბურთო მიღწევები ბევრად უფრო მოკრძალებულია. მას ერთადერთხელ (ხუთი ფინალიდან) აქვს მოგებული 250-იანი ტურნირი, ერთხელ 500-იანი ტურნირის ფინალში აქვს ნათამაშები. ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში გასვლით მან ბრიტანელების, ენდი მიურეის, ტიმ ჰენმანის და გრეგ რუსედსკის მიღწევა გაიმეორა და ახლა იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ბრიტანელი, რომელმაც ინდიან-უელსის მასტერსის მოგება შეძლო.

„ეს ძნელი იქნება, მაგრამ ფიზიკურად თავს კარგად ვგრძობ და მოუთმენლად ველი კორტზე გასვლა”, – უთხრა მან რეპორტიორებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს კამერონ ნორი „სუპერ საშიშ” მეტოქედ მიიჩნევს.

„ის წარმოუდგენლად მაგარი მოთამაშეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითდაჯერებულია. ძლიერად ურტყამს ბურთს ორივე მხრიდან. კარგად მოძრაობს. ის დიდი სპორტსმენია”, – ამბობს კამერონ ნორი

ინდიან-უელსის ფინალში გასული სპორტსმენი 600 სარეიტინგო ქულას იწერს აქტივში და 640 000 დოლარს ფულადი პრიზის სახით იღებს. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში სარეიტინგო ქულები 1000-მდე, ფულადი პრიზი კი 1 209 730 დოლარამდე იზრდება.

ინდიან-უელსის 2004 წლიდან დღემდე ჩატარებული 16 მასტერსიდან (შარშან ტურნირი პანდემიის გამო არ ჩატარდა)  ხუთ-ხუთჯერ გამარჯვება ნოვაკ ჯოკოვიჩს (სერბეთი, 2008, 2011, 2014, 2015, 2016) და როჯერ ფედერერს (შვეიცარია, 2004, 2005, 2006, 2012, 2013) აქვთ მოპოვებული, სამჯერ რაფაელ ნადალს (ესპანეთი, 2007, 2009, 2013), თითო-თითოჯერ კი ივან  ლიუბიჩიჩს (ხორვატია, 2010), ხუან მარტინ დელ პოტროს (არგენტინა, 2018) და დომინიკ ტიმ (ავსტრია, 2019)

კომენტარები
იტვირთება...