კალიფორნიაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი ემსხვერპლა

კალიფორნიის შტატ სან-დიეგოში, საცხოვრებელი სახლის დაცხრილვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ The San Diego Union-Tribune წერს.

როგორც გამოცემა პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის ისიც, ვინც სავარაუდოდ სროლა დაიწყო. იქაური ტელემაუწყებლობა აღნიშნავს, რომ ხუთი და ცხრა წლის ბიჭები საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა მათი გარდაცვალება დადასტურა. სამი წლის ბიჭი და მისი 29 წლის დედა ადგილზევე დაიღუპნენ. იქ აგრეთვე იპოვნეს 31 წლის გარდაცვლილი მამაკაცი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი კავშირი ოჯახთან ჯერჯერობით დაუდგენელია.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი ზარი საგანგებო სამსახურში, იქაური დროით დაახლოებით 06:49 საათზე შევიდა. The San Diego Union-Tribune წერს, რომ მაშინ საუბარი არ შედგა და დისპეჩერმა მხოლოდ ჩხუბის ხმა გაიგო. მას შემდეგ, რაც ადგილზე სამართალდამცველები გავიდნენ, 911-ზე მეზობლებმა დარეკეს, რომლებმაც ჩხუბის და სროლის ხმა გაიგეს.

ერთ-ერთი დაჭრილი ბავშვი პოლიციელებმა სახლთან, მიწაზე იპოვნეს, ხოლო დანარჩენებს შიგნით მიაგნეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. საავადმყოფოში გადაიყვანეს 11 წლის ბიჭი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. კონკრეტულად ვინ გახსნა ცეცხლი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად