კალანდია: სანამ ქართული საზოგადოება არ გამოვა რელიგიური სიბნელიდან, სულ იქნება პრობლემები!

“ქართულმა საზოგადოებამაც იპოვა ადვილი გამოსავალი ივიშვიშოს ვირტუალურად და ხელი შეახოცოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს არავინ არ გამოვა და არ დაიწყებს რეალურ ქმედებას, არავინ მიუშვებს მაგალითად პოლიციას ამ უმსგავობის აღსაკვეთად, ასე რომ როგორც არაერთხელ მითქვამს პრობლემა ქართულ საზოგადოებაშია!” – ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია ყინწვისის ტაძარში მომხდარ ვანდალიზმს აფასებს.

“გამოსავალი კი მარტივია, სანამ ქართული საზოგადოება არ გამოვა რელიგიური სიბნელიდან და სანამ ისტორიულ ძეგლებს შეხედავს მხოლოდ როგორც ღვთიმსახურების ნაგებობებს, არ გაითავისებს მათ ამასთანავე როგორც ჩვენი ისტორიის და კულტურის ძეგლებს, მანამდე სულ იქნება პრობლემები!

სულ მოხდება ყინწვისი, სულ გაჩნდება ვარძიის მსგავსი ხანძარი, დიახ ძვირფასო ქართულო საზოგადოებავ ისევე როგორც ყველა ხესთან და ბუჩქთან ვერ დააყენებ კამერას იმისათვის რომ ბუნებაში ნაგავი არ დაყარო, სწორედ ასევე ყველა ეკლესიას, მღვდელსა თუ ტაძრის იატაკს ვერ მიუჩენს ჟანდარმს, მაკონტროლებელსა და პოლიციელს! ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ შეწყდება როცა მღვდელი მიხვდება, რომ ტაძრის შიგნით ჩატარებულ უკანონო რესტავრაციას უპირველეს ყოვლისა მისი მრევლი გააპროტესტებს და არ დაუშვებს! ვიცი ბევრს არ გესიამოვნებათ, მაგრამ სიმართლე სამწუხაროდ მწარე მოსასმენია!” – წერს გიორგი კალანდია თავის სოცილაურ ქსელში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულვებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან, ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

„უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრივ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელიც თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად