კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი წარმატებით ხორციელდება

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი წარმატებით ხორციელდება”,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, საპილოტე პროექტი წარმატებით ხორციელდება.
მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში კი მადლობას ვუხდი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ იმ წესებს, რომელიც დადგენილია ზონალურ-საათობრივი პარკირების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკმაოდ ფართოდ მოიხმარება მობილური აპლიკაციაც და გადახდის აპარატებიც.
თქვენ იცით, რომ ადგილზე განთავსებულია საინფორმაციო პავილიონი და იქ მყოფი კონსულტანტების დახმარებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც აღნიშნულ ზონაში ცხოვრობს, შეძლო სატრანსპორტო საშუალებების სისტემაში რეგისტრაცია და უფასო პარკირებით სარგებლობა.
მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპის განხორციელება და მთლიანად დავფაროთ კოტე აფხაზის ქუჩა და აბანოთუბანის არეალი. უახლოეს დღეებში აქაც მოეწყობა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, თუ ჯერ კიდევ არ აქვთ სისტემაში შეტანილი საკუთარი ავტომანქანების მონაცემები, მიაკითხონ მუნიციპალურ პავილიონს, რომელიც 1 სექტემბრამდე მოემსახურება დაინტერესებულ პირებს”,-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...