კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული კონკურსი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს

ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თბილისის მერი იმ კითხვებს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნული კონკურსის გარშემო არსებობს და აღნიშნა, რომ ინფორმაცია არის საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.

„დედაქალაქში არსებული პარკების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული კონკურსის გამოცხადებას ძალიან ბევრი კითხვა მოჰყვა, რომ თითქოს, რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. მინდა ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვუთხრა, რომ კონკურსი აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ყველაფერი საჯაროა. საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს, სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, რაშიც ვერ დავეთანხმები. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს, ეს მათი უფლებაა.

როდესაც ხარჯთაკვლევა მოვამზადეთ, ცხრა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და დასტური მოგვაწოდა, რომ სამი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ყველა ინფორმაცია, მიმოწერა გვაქვს და ესეც შეგვიძლია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს. ერთ-ერთი მათგანი – ირაკლი ჟვანია, ვისაც ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, გუშინ, მაია ბითაძეს შეხვდა. ამის შემდეგ, მან სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტებაც გააკეთა, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ისეთ ნაბიჯს არასდროს გადადგამს, რომელიც ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს დააზიანებს.

„შექმნილია სპეციალური კომისია ღვაწლმოსილი ადამიანებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული. ბოლო ბრალდება, რაც ოპონენტების მხრიდან გამოითქვა, კონკურსის პირობას ეხება, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულ კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ვაკის პარკი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისი კომპანიები გვჭირდება, ვისაც ამ მიმართულებით უმუშავია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად