კალაძე: თბილისში ტაქსებში გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ ახდომაზე განაცხადა.

“მინდა თბილისის მოსახლეობას ტაქსის რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. ეს არის QR (ქიუ არ) გადახდის სისტემა, რომელიც პირველ ეტაპზე საქართველოს ბანკმა დანერგა. გადახდის ეს მეთოდი არის ძალიან პრაქტიკული მომხმარებლებისთვის და ტაქსის მფლობელებისთვისაც, მითუმეტეს თბილისის ტაქსში, სადაც ხურდა თითქმის ყოველთვის პრობლემაა.

ჩვენი ინიციატივით და ტაქსის მფლობელების საინიციატივო ჯგუფთან აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა “ქიუ არ” გადახდის სისტემა, რომელიც საკმაოდ მარტივია. მე ახლა თქვენი თანდასწრებით შევეცდები გადავიხადო “ქიუ არ” კოდის მეშვეობით.

თქვენ ახლა ხედავთ “ქიუ არ” კოდს, რომელიც ყველა ტაქსს გადაეცემა, რასაკვირველია, უფასოდ. კოდი დაკავშირებული იქნება ტაქსის მფლობელის საბანკო ანგარიშთან.

მობილური ტელეფონის მეშვეობით, მე ახლა გადავიხდი- მობილურ ტელეფონს დავანათებთ ამ “ქიუ არ” კოდს, მივუთითებთ სასურველ თანხას, დავადასტურებთ და გადახდა მიღებულია. ეს ელექტრონული გადახდა ანაცვლებს ე.წ. ტერმინალს, რომელიც გაცილებით ძვირია. „ქიუ არ“ კოდის მეშვეობით კი მომხმარებელი უფრო კომფორტულად იხდის. ტაქსის მძღოლისთვისაც კომფორტია, რადგან არც ის დარდობს ხურდების მოგროვებაზე და ამის გარდა, მას უდასტურდება შემოსავალი, რაც მომავალში დაეხმარება საბანკო პროდუქტებით სარგებლობაში.

ასეთი სისტემით თითოეული A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელს შეუძლია შექმნას საკუთარი ბრუნვის ისტორია ბანკში, პრაქტიკულად დანახარჯების გარეშე. მას არ უწევს არც ტერმინალის ყიდვა, არც ანგარიშის გახსნაში ფულის გადახდა – ეს უფასოა და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს და იმედი გამოვთქვა, რომ სხვა ბანკებიც გაიზიარებენ ამ ინიციატივას და ისინიც შესთავაზებენ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს მსგავს საბანკო პროდუქტს” გაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად