კალაძე: თბილისის სწორად განვითარებისთვის აღიკვეთება K-2 კოეფიციენტების გაყიდვა

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში, სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მინდა გაცნობოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K-2 კოეფიციენტების გაყიდვა!

ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იქნა დამკვიდრებული, თბილისის მერიის და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები:

ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია – წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას…

მერიის ახალი მენეჯმენტი კ2-ი კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ კა-2 კოეფიციენტით მანიპულაციები.

როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი.

ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა.

კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გაანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია.” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...